ერწო-თიანეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწო-თიანეთი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდ. ივრის ზემოთის ზეგანს (თიანეთის მუნიციპალიტეტი). ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტ.-გეოგრ. რეგიონს – ერწოსა და თიანეთს. ერთობლივი ისტ. განვითარებისა და მჭიდრო კავშირის გამო ისინი უძველეს წყაროებშივე ერთად მოიხსენიება. ე.-თ. ადმინისტრაციულად კახეთის საერისთავოში შედიოდა. გადმოცემის თანახმად, IV ს-ში ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. ხელსაყრელი გეოგრ. მდებარეობა ე.-თ-ს დიდ სტრატეგიულ და ეკონ. მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთი განშტოება, რ-იც ქართლის ადრინდ. ფეოდ. სახელმწ. ალბანეთსა (კავკასიისა) და სომხეთთან აკავშირებდა. გარკვეულ პერიოდში თიანეთი იყო პლაცდარმი, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტ. და კულტ. ზეგავლენას ახდენდა კავკ. მთიანეთზე. საქართვ. პოლიტ. გაერთიანებისათვის ბრძოლაში “აფხაზთა მეფეები”, პირველ რიგში, თიანეთის დაპყრობით ცდილობდნენ კახეთი თავიანთი პოლიტ. გავლენის ქვეშ მოექციათ. XIII ს-ში ე.-თ. არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV ს-ში, ერთიანი საქართვ. ფეოდ. სახელმწიფოს პოლიტ. დაშლის შემდეგ, ე.-თ. კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავო გახდა. იგი ხშირად სადავო ტერიტორია იყო კახეთის სამეფოსა და არაგვის საერისთავოს შორის. ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ეკონ. ინტერესები არსებითად ე.-თ-თან იყო დაკავშირებული, ამიტომაც იგი ძირითადად მთიელი ქართველებითაა დასახლებული. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. დ. მუსხელიშვილი.