ერწუხის ბრძოლა 1104

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწუხის ბრძოლა 1104, ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელ საინგილოში) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთ-ჰერეთის დაკავებამ (1104) აშკარად შეასუსტა თურქ-სელჩუკების საბრძოლო პოზიცია აღმ. ამიერკავკასიაში. ამასთან ერთად სულთანმა კახეთ-ჰერეთის სახით მნიშვნელოვანი მოხარკე დაკარგა. პოზიციების აღსადგენად სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა, სასწრაფოდ გამოილაშქრა, რათა საქართვ. მეფე ჰერეთ-კახეთიდან განედევნა. მტერს შეუერთდნენ დავით აღმაშენებლის შინაური მოწინააღმდეგენიც – კახელი ფეოდალები. ათაბაგის მრავალრიცხოვან ჯარს დავით აღმაშენებელი მცირე ლაშქრით შეება ერწუხთან. მტრის რიცხობრივ უპირატესობას საქართველოს სამეფო კარმა დაახვედრა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი. დავით აღმაშენებელმა `ქმნნა წყობანი დიდნი~, ე. ი. მტკიცედ განაწყო თავისი ჯარი და ისე მედგრად შეუტია მტერს, რომ თანამედროვენი განაცვიფრა მისმა სწრაფმა წარმატებამ (`ადვილად და მოსწრაფედ, ხელი უხსნა ღმერთმან საკვირველებათამან~). ქართველებმა თავგანწირული ბრძოლით შეძლეს მტრის ბევრად ჭარბი ძალების განადგურება. ე. ბ-ში გმირობის მაგალითი აჩვენა დავით აღმაშენებელმა. გადარჩენილი სელჩუკიანი თურქები გაიქცნენ. კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებული გახდნენ დანებებულიყვნენ. დავით აღმაშენებელმა შეიბრალა კახელი ფეოდალები. დიდი სასჯელი არ დაუდვია მათთვის – ციხესიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები ჩააყენა. ქართველთა გამარჯვებას დიდი რეზონანსი მოჰყვა მთელ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის აზრით, ეს იყო `Hმა–გასმენილი იგი დიდი ძლევაQ~. შემდეგ დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ჰერეთ-კახეთი, რამაც საქართველოს სახელმწიფოს ეკონ. და სამხ. ძლიერება საგრძნობლად აამაღლა. წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლიტ.: მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965. რ. მეტრეველი.