ესაკია ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ ესაკია.png

ესაკია ნიკოლოზ მიხეილის ძე [8 (21). I. 1906, ფოთი, – 15. IV. 1987, თბილისი], სამთო ინჟინერი. სტალინური (1949) და ლენინური (1966) პრემიების ლაურეატი, საქართვ. დამს. ინჟინერი (1967). 1931 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო მეტალ. ინ-ტი. 1931–32 მუშაობდა ქუთაისის ბარიტის საბადოზე მთ. ინჟინრად, შემდეგ – თბილ. საპროექტო ინ-ტში ,,ზაკგოსპროექტი”. 1932 მივლინებული იყო მოსკ. სამთო აკადემიაში. 1933-იდან ე. მონაწილეობდა მოსკ. მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებაში (იყო მიწისქვეშა სადგურების ,,ლერმონტოვოს”, ,,მაიაკოვსკის”, ,,ნოვოსლობოდსკაიას” მშენებლობის უფროსი). 1941-იდან ხელმძღვანელობდა სპეც. ობიექტის (მთავრობის თავშესაფარი მოსკოვში), ხოლო 1942–43 – გაგრა – სოხუმის რკინიგზის გვირაბების მშენებლობას, 1943–45 – დანგრეული შახტების აღდგენას მოსკოვის ოლქში და ახ. ობიექტების მშენებლობას. 1945-იდან იყო მოსკ. მთავარგვირაბმშენის უფროსის მოადგილე. II მსოფლიო ომის შემდეგ ე. მუშაობდა აღდგენით სამუშაოებზე; 1946–64 ი. ვ. კურჩატოვთან და ს. პ. კოროლიოვთან ერთად ხელმძღვანელობდა სპეციალური მნიშვნელობის (ატომური მრეწვ. და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის) ობიექტების მშენებლობას; დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სახ. მეურნეობის განვითარებაში. 1969–72 იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1972–78 – ,,თბილმეტრომშენის” მთ. სპეციალისტი. მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.