ესაძე ბორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესაძე ბორის სპირიდონის ძე (24. VII. 1864 – 31. I. 1914, თბილისი), ისტორიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, გამომცემელი, ჟურნალისტი. დაამთავრა ქ. ტვერის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი. სამსახური დაიწყო ნოვოროსიისკის დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სახ. დრაგუნთა პოლკში (1882). იმავე წელს ჩაირიცხა ტვერის საკავალერიო სასწავლებელში, რ-ის დამთავრების შემდეგ (1886) მსახურობდა კავკ. არმიის სხვადასხვა ნაწილში უმეტესად საშტაბო თანამდებობებზე. პასუხსაგები თანამდებობები ეკავა ყარსის ოლქში. 1911 მიენიჭა პოდპოლკოვნიკის ჩინი. ე-ის კალამს ეკუთვნის ნაშრომები რუს. არმიის ცალკეული სამხ. ნაწილების ისტორიის, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრება-მოღვაწეობის, რუს. არმიაში ქართველების ღვაწლის შესახებ. იყო რუსეთის სამხ.-ისტ. და რუსეთის გეოგრაფიული საზ-ბების კავკ. განყ-ბის ნამდვილი წევრი. ე-ს ეკუთვნის საინტერესო დაკვირვებანი რუსეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობის შესახებ. დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. ისტორიისა და ქართ. კულტ. პროპაგანდაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებ. “საქართველოს მატიანე” (ნაკვ. I, თბ., 1913) და “მთელი კავკასია” (#1, თბ., 1903, ორივე რუს. ენაზე). დიდი ენერგია შეალია ქართ. ისტ. ძეგლების მოვლა-პატრონობას, აქტ. მონაწილეობდა “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსებაში. 1905 გამოაქვეყნა ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული “საქართველოს გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ბარათოვის ტომი” (თბ., 1905, რუს. ენაზე), რ-ის შემოსავალი მოხმარდა ნ. ბარათაშვილის საფლავის ძეგლის მოწყობას (ეს ძეგლი, რ-იც დაიდგა დიდუბის პანთეონში, 1938 გადატანილი იქნა მთაწმინდაზე). ე-მ დააარსა რამდენიმე რუს. პერიოდული ორგანო “კავკაზსკი კრაი” (1905), “კავკაზსკაია არმია” (1907), რ-საც ჰქონდა ორი ყოველკვირეული დამატება “კავკაზსკი ვეტერან” (ჯარისკაცებისათვის) და “კავკაზსკი ვოენნი ვესტნიკ” (ოფიცრებისათვის). იყო გაზეთ “ყარსის” რედაქტორი (26. I. 1910 – 2. VII. 1911). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს (ფსევდონიმები: “ბუდილნიკი”, “ბლაგოჟელატელი”, “ბეზ პსევდონიმა”, “გ. კარტველი”, “ზემეცი” და სხვ. თხზ.: Очерк ცношений России с единоверной Грузией. Прибытие русских в Иверию, Тфл., 1899; Краткий исторический очерк боевой славы, мирной жизни 43-го Драгунского Тверского полка и празднование тверцами 100-летнего юбилея 1798–1898 гг., Тфл., 1900; Карсская область в ее прошлом и настоящем (Исследования, наблюдения и заметки), Тфл., 1912; Первый генерал-фельдцейхмейстер русской артиллерии при Петре Великом царевич Имеретинский Александр Арчилович, СПб., 1913. ლიტ.: ჟორდანია ო., ბორის ესაძე და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2004; წოწელია ვ., ქართველი კავკასიოლოგები (ბორის და სიმონ ესაძეები), თბ., 1992. ო. ჟორდანია