ესბროკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესბროკი (Esbroeck van) მიშელ ვან (17. VI. 1934, მალინი, – 22. XI. 2003, ლუვენი), ბელგიელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, არმენოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. უცხოელი წევრი (1996), ბოლანდისტთა საზ-ბის წევრი (1962-იდან), მიუნხენის უნ-ტის აღმოსავლური ქრისტიანობის კათედრის გამგე. ქართველოლოგიით დაინტერესდა 1962-იდან. ესწრებოდა ჟ. გარიტის ლექციებს ლუვენის უნ-ტში, სწავლობდა ქართ. და სომხ. ენებს. 1972, როდესაც ხელში ჩაუვარდა ე. წ. ,,ათონის მრავალთავის” (XIს.) ფოტოები, ე. ქართ. მრავალთავებით დაინტერესდა. ამავე წელს იგი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობდა საქართვ. ხელნაწერთა ინ-ტში. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – ,,უძველესი ქართული მრავალთავები” (გამოქვეყნდა 1975), რ-შიც განხილულია მრავალთავის სტრუქტურა, განვითარების ისტორია, ჰომილეტიკური მასალა, გამოყოფილია მრავალთავის უძველესი პლასტები. ე. იკვლევდა ქართ. ლექციონარებს, ჰაგიოგრაფიულ და აპოკრიფულ ძეგლებს, ისტ. წყაროებს. ორიგინ. ტექსტებს ურთავდა თარგმანებს ლათ., ფრანგულ, გერმ. და ინგლისურ ენებზე. ე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობასაც, ძვ. ქართ. ენას ასწავლიდა რომის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში (1982–86) და მიუნხენის (1982–99) უნ-ტში. 1998 ე-ს ქართველოლოგიურ კვლევებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მიენიჭა მ. ბროსეს სახ. პრემია. თხზ.: .: Herméneutique, structuralisme et exégèse, P., 1968; Peter the Iberian and Dionysius the Areopagite: Honigmann’s thesis revised, «Orientalia Christiana Periodica», 1993, #59; Le dossier de Sainte Nino et sa composante copte... «Atti del I Convégno internazionale di studi Georgiani», Roma 30, Gennaio, 1999; Vakhtang Gorgasali et évêque Mikael de Mtsketa, In: Proceeding of the third international symposium on Kartvelian studies, ed. E. Khintibidze, Tb., 1999. . ლიტ.: მგალობლიშვილი თ., მ. ვან-ესბროკის გამოკვლევები ქართულ ,,მრავალთავებზე”, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 4, თბ., 1976; მეტრეველი ე., ახალი ნაშრომი ქართულ მრავალთავზე, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1976, #4. თ. მგალობლიშვილი. ე. მეტრეველი.