ესერები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესერები, სოციალისტ-რევოლუციონერები, წვრილბურჟუაზიული გლეხური პარტია (1901–22). შეიქმნა რუსეთში 1901 დეკ. – 1902 იანვარში. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმება და მათი გადაცემა გლეხური თემებისათვის, ე. წ. მიწის სოციალიზაცია. ისინი იბრძოდნენ რევ. გზით მონარქიის დამხობისა და ფედერ. პრინციპებზე მოწყობილი დემოკრ. რესპუბლიკების დაარსებისათვის. მათი პროგრამა ითვალისწინებდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას, სიტყვის, სინდისის, კრებების, კავშირების თავისუფლებას, ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, უფასო განათლების შემოღებას, მუდმივი არმიის გაუქმებას, 8-საათიანი სამუშაო დღის დაწესებას, პროფკავშირების შექმნას, სოც. დაზღვევას სახელმწ. და მეპატრონეთა ხარჯზე. უარყოფდნენ პროლეტარიატის დიქტატურას და ებრძოდნენ მარქსიზმს. აქტიურად მონაწილეობდნენ რევ. მოძრაობაში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტერორს და ხშირადაც მიმართავდნენ მას. საქართველოში XIX ს. 90-იანი წწ. II ნახევარში არსებობდა მცირერიცხოვანი ნეოხალხოსნური წრეები, რ-თა ბაზაზე 1901 თბილისში შეიქმნა ე-ის ორგანიზაცია. მასში შედიოდნენ ინტერნაციონალურად განწყობილი, უმთავრესად არაქართველი ე.: ა. კალიუჟნი, ცოლ-ქმარი ბეკები, ვ. მაიკოვი; ქართველები – ი. ჯაბადარი, მ. ყიფიანი და სხვ. ნეოხალხოსანთა მეორე ნაწილი პატრიოტულად იყო განწყობილი და აქტიურად მონაწილეობდა ეროვნ.-სოც. მოძრაობაში (გ. ლასხიშვილი, გ. ზდანოვიჩი), ვ. წერეთელი და სხვ.). 1901 ისინი შეადგენდნენ გაზ. “ცნობის ფურცლის” ეროვნ.-რადიკალური ჯგუფის, ხოლო 1904-იდან სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ბირთვს. ინტერნაციონალისტმა ე-მა რუს. სოციალ.-რევ. პარტიის ადგილ. ორგანიზაციები შეადგინეს. მათი გავლენა საქართველოში უმნიშვნელო იყო. რუს. 1905 რევ. პერიოდში ე-ის პარტიის კავკ. სამხ. ორგანიზაციამ მოაწყო თავდასხმა თბილ. პოლიცმაისტერ მარტინოვზე, გამოსცა რამდენიმე პროკლამაცია, ჩაატარა ამიერკავკ. საოლქო ყრილობა. რევ. დამარცხების შემდეგ ე. ნაკლებად ჩანდნენ საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. ისინი გააქტიურდნენ 1917 თებ. რევ. შემდეგ. აქედანვე იწყება რუს. პარტიაში შემავალი ქართვ. ე-ის დაახლოება ეროვნ. მოძრაობასთან. 1917 აპრილში შედგა ამიერკავკ. სოციალ.-რევ. ორგანიზაციების კონფერენცია, რ-მაც გადაწყვიტა მენშევიკებთან და სოციალისტ-ფედერალისტებთან ერთად შეემუშავებინა ერთიანი პლატფორმა. ქართვ. ე. მონაწილეობდნენ ინტერპარტიული საბჭოსა და ეროვნ. ყრილობის მუშაობაში, მათი 12 წარმომადგენელი შევიდა საქართვ. ეროვნ. საბჭოში. 1918 მაისში გაიმართა ე-ის პარტიის კავკ. ორგანიზაციების VII კონფერენცია, რ-ზეც მომხდარი განხეთქილების შედეგად 1918 ივნისში ქუთაისის I დამფუძნებელ ყრილობაზე შეიქმნა საქართვ. სოციალ.-რევ. დამოუკიდებელი პარტია. ცენტრ. კომიტეტმა გამოსცა გაზ. “შრომა”. პარტიის ლიდერები იყვნენ ლ. შენგელია (ცკ-ის თავ-რე), ი. გობეჩია (თავ-რის მოადგილე), კ. მესხი, გ. ნათაძე, ვ. გობეჩია, ი. ნუცუბიძე და სხვ. საქართველოში ჩამოყალიბდა აგრეთვე ესერ ინტერნაციონალისტთა მცირე ჯგუფი, რ-მაც მხარი არ დაუჭირა საქართვ. დამოუკიდებლობას (გაზ. “ზნამია ნაროდას” ჯგუფი). 1918–21 ე. მემარცხენე პოზიციებიდან აკრიტიკებდნენ მენშევიკურ მთავრობას. საქართვ. პირველ კოალიციურ მთავრობაში მათ ჰყავდათ თავიანთი წარმომადგენელი (ი. ლორთქიფანიძე), ხოლო დამფუძნებელ კრებაში – პარტიის ხუთკაციანი ფრაქცია. საქართვ. ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ პარტია მემარჯვენე და მემარცხენე ნაწილებად გაიყო. მემარცხენეები იძულებული გახდნენ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გადაერჩინათ თავი. მემარჯვენეები გაზ. “შრომაში” აკრიტიკებდნენ ბოლშევიკურ ხელისუფლებას ქართვ. ერის დენაციონალიზაციაში, ქართ. ენის უფლებების შელახვაში, ეწინააღმდებოდნენ ამიერკავკ. ფედერაციის შექმნას, ახ. ეკონ. პოლიტიკის გატარებას. 1921 დასასრულს პარტიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა, თუმცა არალეგალურად მონაწილეობდა ეროვნ. მოძრაობაში. ლიტ.: ბენდიანიშვილი ა., საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918–1921 წწ.), თბ., 2001. დ. შველიძე.