ესტონელები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესტონელები (საკ. სახელწ. – ეესტლასედი), ერი, ესტონეთის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთში, ლატვიაში, უკრაინაში, საქართველოში (ძირითადად – აფხაზეთში), აშშ-ში, შვედეთსა და კანადაში. ენა – ესტონური. წარმომავლობითა და ენით განეკუთვნებიან ბალტიისპირა – ფინური ჯგუფის ფინურ-უნგრულ ხალხებს. მიეკუთვნებიან ევროპეოიდულ რასას. ესტონელი ხალხის ჩამოყალიბება ძირითადად XIII–XVI სს-ში დასრულდა. XIII ს-ში ე-მა მიიღეს კათოლიკობა, რ-იც XVI ს-ში, რეფორმაციის პერიოდში, ლუთერანობით შეიცვალა. XIX ს. შუა ხანებში მოსახლეობის დაახლ. 10–12%-მა მართლმადიდებლობა აღიარა. მათი მთავარი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და თევზჭერა. ე-ს ისტ. და სოც. მიზეზების გამო არაერთხელ მოუხდათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. XIX ს. II ნახევრისა და XX ს. დასაწყისში მძიმე ეკონ. პირობების გამო ე. მასობრივად გაასახლეს, ძირითადად, რუს. გუბერნიებში. XIX ს. 80-იანი წლებიდან ე-ის დასახლებები გაჩნდა საქართველოში (კერძოდ, აფხაზეთში). თავდაპირველი მოსახლენი იყვნენ 1857 კუუსალეს მიწაზე (ესტონეთი) გლეხთა მღელვარების შედეგად დარბეული გლეხები. 1882 ლესელიძის მახლობლად (მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე), დააარსეს სოფ. სალმე, შემდეგ იმავე ხეობაში – სოფ. სულევო და, გულრიფშთან ახლოს, კოდორის ხეობაში – სოფ. ესტონკა (ყოფ. ბაღნაშენი). ე-მა ხელი მოჰკიდეს მებოსტნეობას, მეთამბაქოეობას, მეჩაიეობას და მალე ეკონომიკურად დაწინაურდნენ. ლიტ.: კილაძე ა., ჩვენი ესტონელი მეგობრები, «დროშა», 1982, N10; Вопросы этнической истории эстонского народа, Таллин, 1956; Месхи И., Как живëте абхазские эстонцы? Моя маленькая советская Грузия, Тб., 1988. პ. ყიფიანი.