ესქილე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესქილე (Aischylos) ) (დაახლ. ძვ. წ. 525, ელევსინი, ათენის მახლობლად, – 456, გელა, სიცილია), ძვ. ბერძენი დრამატურგი. შექმნა 90-მდე ნაწარმოები, რ-თაგან სრული სახით შემორჩენილია შვიდი ტრაგედია. ე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგიკოსია, მან თავის შემოქმედებაში ფართოდ გამოიყენა არგონავტების თქმულება და საგანგებო ტეტრალოგიაც მიუძღვნა; მასში, სავარაუდოდ, შედიოდა “ლემნოსელი კაცები”, “ჰიფსიპილე”, “კაბეირები” და სატირული დრამა “არგო”. ცნობების სიმწირის გამო ძნელია რაიმე ითქვას კონკრეტულად იმ დრამების შესახებ, რ-თაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ. მთლიანად სკვითიაში, ანუ კავკასიაში, იშლება “მიჯაჭვული პრომეთეს” სიუჟეტი. ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს მითი მეამბოხე ტიტანის შესახებ, რ-იც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს კავკასიონს. ეს ტრაგედია ჩვენამდე მოღწეულ ბერძნ. წყაროებში ერთ-ერთი პირველია, სადაც მოხსენიებულია ტერმ. კავკასია (სტრ. 442, 719), ნახსენებია აგრეთვე კოლხები, ხალიბები და მათი მეზობელი სხვა ხალხები. ესქილესეული სახეები (განსაკუთრებით პრომეთეს სახე) ფართოდ აისახა მსოფლიო ლიტერატურაში, მხატვრობასა და მუსიკაში. თხზ.: ორესტეა, თბ., 1974; ტრაგედიები, თარგმ. გ. სარიშვილისა, თბ., 1978. ლიტ.: ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1950. რ. გორდეზიანი.