ეტალონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტალონი (ფრანგ. étalon), 1. რაიმე იდეალური, სანიმუშო ზომა, გაზომვის საშუალებები ან მათი კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფს ფიზიკური სიდიდის ერთეულის აღწარმოებას და შენახვას, აგრეთვე მისი ზომების სხვა გაზომვის საშუალებებისათვის გადაცემას. ე. ემყარება ნივთიერებათა ან სხეულთა ისეთ თვისებებს, რ-ებიც არ იცვლება. ე-ის გარეშე შეუძლებელია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ხელსაწყოებით შესრულებული გაზომვების შედეგების შეპირისპირება (შედარება). ე. ზედმიწევნითი სიზუსტის საზომი ხელსაწყოა, რ-ის დანიშნულებაა სხვა საზომი ხელსაწყოების შემოწმება. ე-ების სიზუსტისადმი განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნების გამო მათი შექმნა, შენახვა და გამოყენება მოითხოვს სპეც. გამოკვლევებსა და დამუშავებებს, რ-ებიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სრულდება სახელმწიფოების ეროვნ. მეტროლ. ლაბორატორიებში. ერთეულთა საერთაშ. უნიფიკაციისათვის შექმნილია საერთაშ. ე-ები, რ-ებიც ინახება პარიზში ზომა-წონის საერთაშ. ბიუროში, ცალკეულ ქვეყნებში კი – ეროვნ. ე-ები. ქვეყნის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შექმნილია ეროვნ. ე-ების სპეც. ბაზები. ასეთი ბაზებია: სტანდარტების ეროვნ. ბიურო (აშშ), ეროვნ. ფიზ. ლაბორატორია (დიდი ბრიტანეთი), ფედერალური ფიზ.-ტექ. ინ-ტი (გერმანია), დ.ი. მენდელეევის სახ. მეტროლოგიის ინ-ტი (რუსეთი). საქართველოში სტანდარტები და ეტალონები, საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ უმაღლეს სახელმწ. ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. შესაბამისი სამსახური შექმნილია სტანდარტიზაციის ეროვნ. სააგენტოს მეტროლოგიის ინ-ტში. ეროვნ. ე-ები იყოფა პირველად, სპეც. და მეორეულ ე-ებად. შედარებით მრავალფეროვანია მეორეული ე-ები. ასეთებია: ეტალონ-ასლები, შედარებისა და მუშა ე-ები. მეორეული ე-ები ძირითადად გამოიყენება ერთეულთა ზომების გადასაცემად გაზომვების სანიმუშო და ყველაზე ზუსტი მუშა საშუალებებისათვის. ეტალონთა ბაზა შეიცავს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ( (SI) ძირითადი ერთეულების – მეტრი, კილოგრამი, წამი, ამპერი, კელვინი, კანდელა, მოლი – ეროვნ. ე-ებს, აგრეთვე წარმოებული ფიზ. სიდიდეების (ელექტრული ძაბვა, ძალა, მაგნ. ინდუქცია და სხვ.) ერთეულების ე-ებს. 2. გადატანითი მნიშვნელობით: რისიმე სანიმუშო ეგზემპლარი; სტანდარტი. ა. დანელიანი.