ეტიუდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში): ე. მხატვრულ ლიტერატურაში – მცირე ფორმის ნაწარმოები, რომელიც ასახავს სინამდვილეს, ადამიანის ცხოვრების, მოქმედების, განცდის რომელიმე მომენტს, ფრაგმენტს. ე. ეწოდება აგრეთვე ლიტერატურულ, კრიტ., ისტ., ფილოს. ან მეცნ. ნარკვევს, რ-შიც ერთი რომელიმე საკითხი მოკლედ, შეკუმშულადაა გაანალიზებული. ქართ. ლიტერატურაში ცნობილია შ. არაგვისპირელისა და ნ. ლორთქიფანიძის მხატვრული ე-ები. ლიტერატურულ-კრიტ. და მეცნ. ე-ების ნიმუშებია კ. აბაშიძის “ეტიუდები”, აკად. კ. კეკელიძის “ეტიუდები ძვ. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან” და სხვ. ე. სახვით ხელოვნებაში – ნაწარმოები, რ-საც ხატავენ ნატურიდან ან ნატურის შესასწავლად. გამოირჩევა შთაბეჭდილების ცოცხალი გადმოცემით, უშუალობით. ფერწერული, სკულპტურული და გრაფ. ე. ნაწარმოებზე მუშაობის მოსამზადებელი მასალის როლს ასრულებს. მაღალხარისხოვანი ე. ხშირად დასრულებული მხატვრული ნაწარმოებია. ბრწყინვალე ე-ებს ქმნიდნენ პ. პ. რუბენსი, პ. სეზანი, ვ. ვან-გოგი, ი. ენგრი, ა. ვატო და სხვ. საინტერესოა ქართვ. მხატვრების: გ. გაბაშვილის, ა. გველესიანის, ვ. სიდამონ-ერისთავის, კ. სანაძის, ე. კალანდაძის, ზ. ნიჟარაძისა და სხვათა ე-ები. ე. მუსიკაში – მზარდი ტექნიკური სირთულის მუს. პიესა, რ-იც ავითარებს დაკვრის ტექნიკის რომელიმე ელემენტს (ტერცია, ოქტავა, გამა). აღსანიშნავია შოპენის, შუმანის, ლისტის ე-ები. ე. სპორტში – ჭადრაკსა და შაშში მოფიქრებული პოზიცია, რ-შიც უნდა იქნეს ნაპოვნი სწორი სვლები პარტიის მოსაგებად ან ყაიმის მისაღწევად. ე-ში სვლების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ჭადრაკში ე-ს უნდა ახასიათებდეს ჩანაფიქრის ორიგინალურობა, ამოხსნის გარდაუვალობა თითოეული ვარიანტის მიხედვით. შაშში ე-ის პოზიცია შეიცავს არაუმეტეს 4 თეთრ კოჭს და არანაკლებ 2 კომპოზიციურ განშტოებას.