ეტრატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტრატი (ბერძნ. tetradiōn – რვეული), საქონლის ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა, რ-საც უძველესი დროიდან იყენებდნენ აღმოსავლეთში. ძვ. წ. II ს-იდან ე-ის წარმოებით განსაკუთრებით დაწინაურდა მცირე აზიის ქ. პერგამონი, რ-ის სახელწოდებიდან არის ნაწარმოები პალეოგრაფიული ტერმინი პერგამენტი. ე. გამძლე, მოქნილი და ადვილად მოსახმარი იყო, ამიტომ პაპირუს-ჭილთან შედარებით უპირატესობა მოიპოვა და დიდად შეუწყო ხელი მწიგნობრობის წინსვლას. ე-ის დასამზადებლად ტყავს ალბობდნენ კირიან ან ნაცარტუტიან წყალში, შემდეგ ბალანს აცლიდნენ და გასაშრობად გადაჭიმავდნენ. გამომშრალ ტყავს დასარბილებლად ცხიმით პოხავდნენ, ზოგჯერ კვერცხის ცილითა და შაბით დამზადებულ ემულსიას უსვამდნენ, გასათეთრებლად კი – ცარცს, კირს. საქართველოში ე. უმეტესად შემოჰქონდათ და ადგილზეც ამზადებდნენ. ქართ. ხელნაწერებში ე. X ს-იდან მოიხსენიება; ტერმინი უფრო ადრე (V ს.) უნდა იყოს ზეპირი გზით ბერძნულიდან შემოსული. როგორც ჩანს, ე. თავდაპირველად აღნიშნავდა ტყავის ოთხფურცლედ რვეულს, შემდეგ – საერთოდ ტყავის საწერ მასალას. აღმ. საქართველოს მთის კილოებში შემორჩენილია ტერმინები: “ატრატი”, “ატრატაი”. ე-ზეა დაწერილი უძველესი (VI–X სს.) ქართ. ხელნაწერები [ხანმეტი, ჰაემეტი ფრაგმენტები, სინური მრავალთავი (864), ადიშის ოთხთავი (897), ოშკის ბიბლია (978) და სხვ.]. ლიტ.: სურგულაძე მ., ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები, თბ., 1978; ჯავახიშვილი ივ., ქართული პალეოგრაფია, თბ., 1949 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996). კ. დანელია.

ეტრატი.png