ეფრემის ქრონიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრემის ქრონიკა, ლექსად დაწერილი ისტორიული ქრონიკა. ავტორის – ეფრემის (Ephraim) ბიოგრაფია უცნობია. ქრონიკა 1313 ახლო ხანებში დაიწერა. იგი იწყება იულიუს კეისრის (I ს.) მოღვაწეობით და მოიცავს ისტ. მოვლენებს 1261 ბიზანტიაში ლათინთა ბატონობის დამხობის ჩათვლით. ე. ქ-ში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი კომნენოსებისა და ანგელოსების ეპოქას და ნიკეის სამეფოს ისტორიას. ავტორი გვაწვდის ცნობას ბიზანტ. იმპ. ბასილი II-ის საქართველოში ლაშქრობის შესახებ. საყურადღებოა, რომ გაერთიანებული საქართველოს მცხოვრებლებს იგი “აბაზგებს” (t’Abasgoi) უწოდებს. გიორგი I-ც, რ-საც ებრძოდა ბასილი II, ბიზანტ. წყაროებში იწოდება “აბაზგთა მეფედ”. მოჰყავს აგრეთვე იმპ. მიხეილ VII-ის ბერად აღკვეცისა და დედოფალ – მარიამის (მართა-ყოფილის) იმპ. ნიკიფორე ბოტანიატესთან ქორწინების ფაქტი, თუმცა დედოფლის სახელს არ ახსენებს. იმპ. ისააკ II ანგელოსს აუჯანყდა სარდალი ალექსი ვრანა, რ-ის წინააღმდეგ შეკრებილი ჯარი ისააკ ანგელოსის სიძის კონრად მონფერატელის მეთაურობით, ეფრემის თქმით, შედგებოდა “სკვითთა, იტალიელთა, აგარიანთა და იბერიელთაგან”. წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967. ნ. მიწიშვილი.