ეფრემ II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრემ II.png


ეფრემ II (ერისკაცობაში – გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (19. X. 1896, სოფ. დოესი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 7. IV. 1972), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1960–72). განათლება მიიღო გორის სას. სასწავლებელში. 1918 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია, 1920–22 სწავლობდა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე. 1922 აღიკვეცა ბერად. 1925 ე. II აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა აღმ. საქართვ. მონასტრების მთავარეპისკოპოსად. 1927 ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა თავდაპირველად მანგლისის, შემდეგ კი ნინოწმინდის ეპისკოპოსად. შეთავსებით იყო კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საიდანაც 1928 პირადი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. 1930 დროებით განაგებდა ურბნისის ეპარქიას. 1937 ე. II, როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი პიროვნება, დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1944 გათავისუფლდა სასჯელისგან და ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად დაინიშნა. 1945 აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და დროებით მართავდა არგვეთის, ნიკორწმინდის, ცაგერისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1953 გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1960-იდან იყო საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი. ე. II-ის ინიციატივით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო სასწავლებელი, რ-იც 1963 სემინარიად გადაკეთდა. მისი კათოლიკოსობის დროს საქართვ. ეკლესია შევიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. 1970 ე. II-ს მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნ. ხარისხი. დაჯილდოებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, რუსეთისა და საქართველოს მრავალი საეკლ. და საერო ორდენითა და მედლით. დაკრძალულია თბილ. სიონის ტაძარში. ლიტ.: ვარდოსანიძე ს., სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II, თბ., 2007; ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; Журнал Московской Патриархии, 1960, 1972. ე. ბუბულაშვილი.