ექექი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექექი X ს II ნახევარი.jpg

ექექი, X ს. II ნახ. გუმბათოვანი ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თორთომის ხეობაში, ისტ. ტაოში (ამჟამად თურქ. ტერიტ.). გეგმით „ნახევრად თავისუფალი ჯვრის” ტიპის ნაგებობა, რ-ის აღმ. მკლავი აფსიდიანი იყო, დანარჩენი სამი მკლავი კი –სწორკუთხა. საკურთხეველს ორივე მხარეს ასევე აფსიდით დასრულებული თითო პატარა სათავსი – სამკვეთლო და სადიაკვნე ჰქონდა. გუმბათი ეყრდნობოდა კედლების კუთხეებს. კვადრ. ფუძიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდებოდა პანდანტივების მეშვეობით, რ-ებშიც “ჩახაზულია” დეკორ. ტრომპები, შესასვლელები მოწყობილი იყო სამხრეთის მკლავსა და დასავლეთის მკლავის ჩრდ. კედელში. ნათდებოდა რვაწახნაგა გუმბათის ყელში დატანებული 8-თაღოვანი სარკმლით. თითო სარკმელი იყო აგრეთვე აფსიდებში, ჩრდ. და დას. მკლავებში. ძუნწად მორთული ფასადი და გუმბათის ყელი შემოსილი იყო სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. აღმ. ფასადზე საკურთხევლის აფსიდს სადიაკვნესა და სამკვეთლოსაგან ყოფდა გეგმით სამკუთხა ღრმა ნიშები. კარ-სარკმელს აგვირგვინებდა მსუბუქი სათაურები. გუმბათის ყელს და ზოგი სარკმლის სათაურს ამკობდა პოლიქრომული ქვები. 1960 ე., რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეების დროს მეჩეთად იყო გადაქცეული, მის ადგილას ახალი მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით დაანგრიეს. ლიტ.: Беридзе В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981 (ტექსტი აგრეთვე ფრანგ. ენაზე). თ. საყვარელიძე