ექვთიმე III

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექვთიმე III (ეფთUმე), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV ს. I ნახევარში. გიორგი ბრწყინვალესთან ერთად ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწ. წესრიგის აღდგენას; მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რ-მაც მთის მოსახლეობისათვის კანონები შეიმუშავა (იხ. “ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ”). ე. III იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტ.-ზნეობრივი ნორმების მოსაწესრიგებლად. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართ. და არაქართ. ქრისტ. მონასტრების მატერ.-მორალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 1334 ე. III-მ პალესტინის საბაწმიდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლ. ამავე პერიოდში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო აღაპი დაუწესეს. მოხსენიებულია სინას მთის მონასტრის სულთა მატიანეში. წყარო: ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ.1, თბ., 1963; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962. ლიტ.: დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957. ბ. ლომინაძე.