ექიმთა ასოციაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექიმთა ასოციაცია საქართველოსი, პირველი არასამთავრობო, პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში. დაფუძნდა 1989 წელს. იგი აერთიანებს ჩვენი ქვეყნის ყველა პროფილის ექიმს; დაინტერესებულია, რომ მისი წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საკითხების ფორმირებაში. ე. ა. ხელს უწყობს ქვეყანაში მოსახლეობის სამედ. დახმარების ხარისხის და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. მისი საქმიანობა მოიცავს ქვეყნის ძირითად ტერიტორიას, ასევე საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანას, სადაც საქართვ. ე. ა-ის ინტერესთა კოორდინაცია ხორციელდება ასოციაციის წარმომადგენლების მიერ. ასოციაცია დასახულ მიზნებს ახორციელებს მის სტრუქტურაში მყოფი კომიტეტების საშუალებით. ე. ა-ის ამოცანებია: ჯანდაცვის სისტემის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, ექიმთა უფლებების დაცვა, ექიმთა პროფ. სრულყოფის მხარდაჭერა, სამედ. მიღწევების პოპულარიზაცია, ეკოლ. და დემოგრ. პრობლემების გაშუქება, ბიოსამედიცინო ეთიკა, ახალგაზრდა ექიმთა დახმარება, სასწავლო, სამეცნ. და პრაქტ. ღონისძიებების ორგანიზაცია და წარმართვა, ექიმთა და სამედ. დაწესებულებების ლიცენზირება – აკრედიტაცია, უწყვეტი სამედ. განათლება და უწყვეტი პროფ. განვითარება; საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო ურთიერთობა. ე. ა-ს საქმიანი ურთიერთობები აქვს და თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციასთან: PWG (Permanent Working Group of European Junior Doctors), EFMA-WHO (European Forum of Medical Associations and World Health Organization), AMA (American Medical Association), EMSA (European Medical Students` Association), EUMS (European Union of Medical Specialists) და სხვ. ე. ა-ს შესრულებული აქვს 11 საერთაშ. და ქვეყნის შიდა გრანტი და პროექტი. ასოციაციის მთ. აღმასრულებელი პირია დირექტორთა საბჭოს თავ-რე (გ. ლობჟანიძე). პრეზიდიუმს წარმოადგენს მოქმედი საპატიო პრეზიდენტი (ნ. ლომიძე) და არჩეული საპატიო პრეზიდენტი (შ. ჯაფარიძე).