ექსორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსორია [ლათ. ex– -გან, -იდან და ბერძნ. horos – საზღვარი (მოძვ.)], სახელმწიფოდან განდევნა, გადახვეწა (უმთავრესად პოლიტიკური მიზეზების გამო). ფეოდ. საქართველოში ტერმინი “ექსორია” იხმარებოდა გაძევების აღსანიშნავად. ასეთ სასჯელს ადებდნენ “მინდობით გამოყვანილ”, ანუ მშვიდობიანი მოლაპარაკებით დამორჩილებულ შეთქმულებს, “ვისაც განდგომაში მცირედი მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, აგრეთვე განდგომისა და ღალატის მეორეგზისი განზრახვისა და დაპირებისათვის” (ივ. ჯავახიშვილი). გაძევებულს “ექსორიაქმნილი” ეწოდებოდა. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7). ი. ფუტკარაძე.