ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი კ. ერისთავის სახელობისა, სააქციო საზოგადოება, ქირურგიის ერთ-ერთი მოთავე დაწესებულება, რომელიც შეიქმნა 1946 როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ახლანდ. სტატუსი მიიღო 2000). მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო გ. მუხაძე. სხვადასხვა დროს ინ-ტის დირექტორები იყვნენ: გ. მუხაძე, კ. ერისთავი, გ. იოსელიანი, ვ. ფიფია, გ. გოკიელი, ბ. მოსიძე და სხვ. თავდაპირველად ინ-ტი მუშაობდა ქირურგ. პათოლ. საკითხებზე, ძირითადად კი – საჭმლის მომნელებელი სისტემის ქირურგ. პრობლემებზე. არსებობის პერიოდში ქირურგ. ეროვნ. ცენტრი ჩამოყალიბდა როგორც მრავალპროფილური, სპეციალიზებული სამეცნ.-კვლ. და კლინ. დაწესებულება – ზოგადქირურგიული, ანგიოლოგიის და რეკონსტრუქციული ქირურგ. კლინიკა შესაბამისი განყოფილებებით, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის განყოფილება, კარდიოქირურგიული კლინიკა “ღია გული”, ფილტვის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და დიაგნოსტიკის განყოფილებებით. ინ-ტში ექსპერიმენტულად მუშავდებოდა ქირურგ. აქტუალური საკითხები. მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღებული ხელოვნური და დამხმარე სისხლის მიმოქცევის, ხელოვნური გულის ბიოტექნიკური სისტემის შემუშავებაში, შექმნასა და ექსპერ. აპრობაციაში; თავის ტვინისა და გულის იზოლირებული პერფუზიის, კორონარული დაავადებების ქირურგ. მკურნალობის, გასტროდუოდენური სისხლდენის მკურნალობის, გაუტკივარების, თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ახ. მეთოდების დამუშავებაში; აგრეთვე, ღვიძლის მწვავე უკმარისობის მკურნალობის, მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის მეთოდების, გულ-ფილტვის პრეპარატის მოდიფიცირებული ტრანსპლანტაციის საკითხებში. დეტალურად იქნა შესწავლილი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის კლინიკა და მკურნალობა; იქვე პირველად საქართველოში, წარმატებით განხორციელდა თირკმლის ტრანსპლანტაცია და სხვა. 2012-იდან ცენტრში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. კერძოდ, მნიშვნელოვნად დაიხვეწა სამედ. მომსახურების ხარისხი; პაციენტის ოპერატიული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ერთიანი კომპიუტერული ელექტრონული ბაზა; გაუმჯობესდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა უკვე არსებული რეანიმაციული, ინტენს. თერაპიისა და პოსტოპერაციული განყ-ბა. ჩამოყალიბდა მრავალი ახ. სამსახური: ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური, ქირურგ. გინეკოლოგია, მ. შ. ონკოგინეკოლოგია, გულმკერდის ქირურგია, ტოქსიკოლოგიური, თერაპიული, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული, ალერგოლოგიური, ყბა-სახის, პროქტოლოგიური, ნევროლოგიური, უროლოგიური და სხვ. დაინერგა უახლესი სადიაგნოსტიკო-კვლევითი მეთოდები. დამონტაჟდა თანამედროვე სამედ. აპარატურა (IV თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი), შეიქმნა გადაუდებელი მედ. სამსახური. კლინიკა არის თბილ. სახელმწ. სამედიცინო უნ-ტის, თბილ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის, თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. უნ-ტის სასწავლო ბაზა.