ექსპრესიონიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპრესიონიზმი (< ფრანგ. expression – გამოსახვა, გამოვლენა), ერთ-ერთი გავრცელებული მოდერნისტული მიმდინარეობა XX ს. აზროვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ფართო გაგებით ასახავს უკიდურეს დაძაბულობასა და ტრაგიზმს თანამედროვე ადამიანის მსოფლშეგრძნებასა და მთელს მის ეგზისტენციალურ ცნობიერებაში. სახვით ხელოვნებაში ე-ის წინამორბედებად ითვლებიან ფერმწერები: ჰოლანდიელი ვ. ვან გოგი, ნორვეგიელი ე. მუნკი, ბელგიელი ჯ. ენსორი, შვეიც. ფ. ჰოდლერი და სხვ. ე. განსაკუთრებით გავრცელდა გერმანიაში, სადაც ორგანიზაციულად გაფორმდა სხვადასხვა ესთეტ. გაერთიანებაში: „ხიდი” (1905), „ახალი მხატვრული გაერთიანება” (1910), რ-ის საფუძველზედაც ჩამოყალიბდა გაერთიანება „ლურჯი მხედარი” (1911–12). საქართველოში ე. იმთავითვე გახდა ცნობილი. ამ მიმართულების ღრმა დახასიათება მოგვცა დ. კაკაბაძემ თავის ნაშრომში „ხელოვნება და სივრცე” (1926, პარიზი; 1983, თბილისი). XX ს. 20-იან წლებში ევრ. ხელოვნების ტრადიციებთან ასიმილირებული ე-ის სტილისტურ პრინციპთა ქართულ ხელოვნებასთან შერწყმას ვხვდებით ლ. გუდიაშვილისა („თევზი ცოცხალი”, „ქეიფი ქალთან”, „ქეიფი განთიადისას”, „ქრისტინე” და სხვ.) და შ. ქიქოძის („უდროოდ დაღუპული მეგობრის მოსაგონებლად”, „სამი მხატვარი” და სხვ.) შემოქმედებაში. 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ექსპრესიონისტული სტილიზაციის პრინციპთა გამოყენება დამახასიათებელია ლ. ჭოღოშვილის სურათებისათვის („ეკატერინე გაბაშვილი შვილებთან ერთად”, „ზურაბ არაგვის ერისთავის მკვლელობა”, „ოჯახი” და სხვ.). XX ს. 80-იან წლებში ე-ისა და ნეოექსპრესიონიზმის გამოცდილება აისახა მხატვრების მ. ცეცხლაძის, ნ. ცეცხლაძის, კ. კაჭარავას, მ. ჯაფარიძის, კ. რამიშვილის, გ. ბუღაძის შემოქმედებაში (გამოფენები: 1985 – თელავში, 1986–87 – თბილისში, 1987–89 – ბერლინსა და ლაიფციგში). ქართველ მხატვართა შემოქმედებაში ე-ის დამახასიათებელი ნიშნები შეხამებულია ეროვნ. მხატვრულ ტრადიციებთან. ე-ის გავლენა შეიმჩნევა ქართველი მწერლების: დ. შენგელაიას, ლ. ქიაჩელის, ს. შანშიაშვილის, კ. გამსახურდიას შემოქმედებაში. კ. კაჭარავა.