ეღიშე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეღიშე (ძვ. სომხ. – ელიშე), V ს. სომეხი ისტორიკოსი. ე-ს ნაწარმოებთაგან უმთავრესია “ვარდანისა და სომეხთა ომის შესახებ”. მასში გადმოცემულია სომხ. ისტორია V ს. 20-იანი წლებიდან 60-იანი წლების შუახანამდე. წიგნში მთავარი ადგილი ეთმობა 450–451 სომხ. აჯანყებას ირანის ბატონობის წინააღმდეგ. აჯანყებას მეთაურობდა ვარდან მამიკონიანი. ტრადიციის თანახმად, ე. იყო ვარდან მამიკონიანის მდივანი და მეომარი, აჯანყების მონაწილე. იმავე ტრადიციით, აჯანყების დამთავრების შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა და ხელი მოჰკიდა ლიტ. მოღვაწეობას. ე-ს წიგნი მნიშვნელოვანი წყაროა V ს. სომხ. ისტორიისათვის. მასში საყურადღებო ცნობებია იმდროინდელ ქართლსა და ალბანეთზე, ამიერკავკასიის ხალხთა ერთობლივ ბრძოლაზე ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ნაშრომი დაწერილია დახვეწილი ეპიკური სტილით. თარგმნილია რუს., ინგლ., იტალ. და ფრანგ. ენებზე. ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; Абегян М. Х., История древнеармянской литературы, Ер., 1975. ლ.-ნ. ჯანაშია.