ეშთეჰა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეშთეჰა (იშტა) მირზა (ნამდვ. სახელი – მირზა აბდ ალ-ლაჰ იბნ ფერიდუნ გორჯი) (1829, ისპაჰანი, – 1872), სპარსელი პოეტი, წარმოშობით ქართველი. აღა-მაჰმად-ხანის მმართველობის დროს მისი ოჯახი სხვა ქართვ. თავადების ოჯახებთან ერთად ჩაიყვანეს ირანში. მიიღო ფილოლ. და ფილოს. განათლება. იყო კალიგრაფი და ამ საქმიანობით ირჩენდა თავს. ავტორია ღაზალებისა. მის პოეტურ ნაწარმოებებში დიდი ადგილი ეთმობა ხილთა და კერძთა ქებას. ისპაანელმა კალიგრაფმა მირზა ნასრ ალ-ლაჰ იბნ მოჰამად შაფიმ ე-ს გაფანტული ლექსები შეკრიბა, წინასიტყვაობა დაურთო და დივანი გააწყო. დივანის ხელნაწერი ინახება თეირანში, ირანის მეჯლისის ბ-კაში. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ეს დივანი დაბეჭდილიც არის. ე. წერდა სარგაშთეს ფსევდონიმითაც. ხაიამფურის ლიტ. ლექსიკონში მას სათანადო ადგილი აქვს დათმობილი. ლიტ.: აბაშიძე ი., მირზა ეშთეჰა გორჯის დივანი, კრ.: სპარსულ- ქართული ცდანი, თბ., 1983; თოდუა მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, თბ., 1971. მ. შონია.