ეშიკაღასბაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეშიკაღასბაში, ეშიკაღასი (თურქ. ეშიქ – ზღურბლი, აღა – ბატონი, ბაშ – თავი), საპოლიციო-აღმასრულებელი აპარატის უფროსი გვიანდ. ფეოდალურ საქართველოში. შემოიღეს სპარს. სამოხელეო წყობილების მიბაძვით. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, ეშიკაღასბაშობა როსტომ მეფის დროიდან დაწესდა მანდატურთუხუცესობის მაგიერ. ე-ის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ ხელჯოხიანები (იხ. არგნოსანი), ბოქაულთუხუცესი (ე-ის მოადგილე), ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში. ისინი ე-ის ხელმძღვანელობით აღასრულებდნენ სხვადასხვა ბრძანებას, სასამართლოს განაჩენ-გადაწყვეტილებას და სხვ. ე. იყო სასახლის მთავარი გამრიგე, მეფის მეჯლისებთან დაკავშირებული ცერემონიალის ხელმძღვანელი, წესრიგის დამცველი; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაჭრაში. ვახტანგ მეფის დასტურლამალში მოხსენიებულია 2 ე.; მოგვიანებით დაწესდა აგრეთვე არმისა და ხალვათხანის ე-ის სახელოები. ეს ე-ები იყვნენ სასახლის ხელშინაური მოხელეები. XVIII ს. II ნახევარში ქართლისა და კახეთისათვის ცალ-ცალკე არსებობდა სამეფო, არმისა და ხალვათხანის ე-ის სახელოები. ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952. ი. სურგულაძე.