ეშმაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეშმაკი.png

ეშმაკი, ეშმა (ძვ. ირანული აიშმა – ავი სული, დემონი; ახ. ირანულში ხეშმ, ხიშმ – რისხვა, ცოფი, ბრაზი), ბოროტების საწყისი, სატანა, მაცდური, ღვთის მოწინააღმდეგე, ქართული დემონოლოგიის ძირითადი არსება ხალხური ზღაპრის პერსონაჟი. პირველშემცდენელი გველი იგივე ეშმაკია: „გუელი დასაბამისა, რომელს ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა” (ბიბლია, აპოკალიფსი. 12.79). ე-ს მიეწერება ბუნების მავნე მოვლენები (ელვა, სეტყვა და სხვ.). ზღაპრულ ეპოსში ე. ზოომორფული არსებაა, ბალნიანი და რქიანი; ცხოვრობს ნანგრევებსა და მიტოვებულ ადგილებში. აქვს გარდასახვის უნარი. ქრისტ. მოძღვრების მიხედვით, უნებისყოფო ადამიანის სხეულში ჩასახლებული ე. გონებას ურევს მას და აავადებს. ასეთ ავადმყოფებს “მიმძლავრებულთა ეშმაკისათას” უწოდებენ (ბიბლია, საქმე 10.38). ე. დარაჯობს მელოგინეს, რათა ახალდაბადებულს დაეპატრონოს. იგი ყველა ადამიანის მარცხენა მხარეს ზის და ცდილობს ბოროტებისკენ უბიძგოს, შეაცდინოს იგი (არსებობს გამოთქმა: „ეშმაკმა შემაცდინა”). ე-თა მავნებლობის შეზღუდვას ცდილობდნენ მაგიური ლოცვებით. ე-გან თავდაცვის მიზნით შავტარიანი დანით ჭრიდნენ ნახშირს, კარზე ამაგრებდნენ ნალს ან გახვრეტილ ქვას. ზოგიერთ ზღაპარში ე. სატირულ იერს ატარებს, მას ხშირად ამასხარავებს და ატყუებს ადამიანი. ე. მხატვრული პროზის ყველა ჟანრში გვხვდება. მეტწილად იგი გათანაბრებულია მითოლ. დაბალი რანგის პერსონაჟებთან: ქაჯთან, ჭინკასთან, ალთან. ზღაპრებისა და მითოლ. გადმოცემების პოპულარული პერსონაჟებია ეშმაკ-მაცილი (ფშავში – ნაცილი, ხევს., მთიულ. – მაცდური) და ეშმათ კბილსავარცხელა (ადამიანის მტერი, ბოროტი ეშმაკეული დედაბერი დიდი პირით და გრძელი კბილებით). ვაჟა-ფშაველა მას ასე მოიხსენიებს: „დევთ სულნი დაკოდილები, ქვესკნელში ჩაიყარნიან, წინ მაეგებნენ მაცილნი, პირიპსირ შაიყარნიან” („კოპალა”). ლიტ.: მაკალათია ს., ფშავი, თბ., 1985; სახოკია თ., ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1956; ქართული ფოლკლორი, ტ. 4, თბ., 1974. მ. ჩაჩავა.