ეცოს სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ეცოს სამაროვანი, ძვ. წ. IV – I სს. არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ვარხუნოს (ისტორიული წყაროებით ვარხუნა-ვერხვნალა) მახლობლად, მდ. ჭივჭავის ხეობაში, ადგილ “ეცოზე” (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1986–88 (ხელმძღვ. ზ. შატბერაშვილი). სამარხები განლაგებულია ფერდობზე, მიწის ზედაპირიდან 0,2–1,3 მ სიღრმეზე. შესწავლილი 120 სამარხიდან უმრავლესობა ქვაყუთია, 9 კი – ორმოსამარხი, მ. შ. ერთი ქვევრის გვერდის ნატეხით იყო გადახურული. მიცვალებულები დაკრძალულია კიდურებმოკეცილ ან მოკრუნჩხულ მდგომარეობაში. ფიქსირებულია აღაპის ნაშთიც (ცხვრის, თხის, ძროხის ძვლები). მასალის მიხედვით გამოიყოფა 3 ძირითადი ქრონოლ. ჯგუფი. პირველი ჯგუფის სამარხების უმრავლესობა ძვ. წ. IV–III სს. განეკუთვნება. დამახასიათებელია მსხლისებური კერამ. დოქები (მათი ნაწილი წითელი საღებავითაა მოხატული), ჯამები, რკინის სამაჯურები, რკინის იარაღი (აღმოჩენილია 11 შუბი და 4 ცული). სტატისტიკურად ჩანს, რომ ქვემო ქართლში ყოველი მესამე მამაკაცი შეიარაღებული ყოფილა. გათხრილი სამარხების უმრავლესობა ქართლის სინქრონულ ძეგლებზე აღმოჩენილ მასალას ენათესავება. მხოლოდ ერთ სამარხშია ნაპოვნი ბრინჯაოს სამაჯური, რ-იც კოლხურ იერს ატარებს.

ეცოს სამაროვანი.png

მეორე ქრონოლ. ჯგუფს განეკუთვნება ძვ. წ. II ს. სამარხები. მათთვის დამახასიათებელია ქუსლიანი ჯამები, ოვალური ან მრგვალტანიანი დოქები, მოხატული კერამიკა, ოქროს ან ვერცხლის სარჩულიანი მინის მძივები. მესამე ჯგუფში შედის ძვ. წ. I ს-ით დათარიღებული სამარხები. აღმოჩენილი მასალა სამთავროს ქვევრსამარხების მასალის მსგავსია.

ეცოს სამაროვანი მძივები.jpg

ძვ. წ. IV–I სს. ისტ. მონაკვეთი ქართ. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. ე. ს-ის არქეოლ. შესწავლა საინტერესო დამატებით მასალას იძლევა იბერიის სამეფოს ისტ. და მატერ. კულტურის კვლევისათვის. არქეოლ. მასალა ინახება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ვ. შატბერაშვილი.