ეძანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეძანი, სოფელი ისტორიულ თრიალეთში, მდ. ქციის მარჯვ. ნაპირზე; ამჟამად წალკის ნაწილი. ე-ის უძველეს დასახლებაზე მიუთითებს ეძანის (ბარმაქსიზის) ნამოსახლარი. სოფელში ორი ეკლესიაა: ერთი, ღვთისმშობლის სახელობის, VI ს-ისაა, ნაგებია სუფთად გათლილი, ქვის მსხვილი კვადრებით. საერთო პროპორციებით, სადა და მკაცრად გადაწყვეტილი ფასადებით ძეგლი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს. ინტერიერი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ 1830 არზრუმიდან ჩამოსახლებულ ბერძნებს (სწორედ მაშინ დაიკარგა ამ ეკლესიის წარწერა, რ-იც თავის დროზე დააფიქსირა ბარონ ნიკოლაიმ). მორთულობა ძუნწია. დას. ფასადზე გაფორმებულია მხოლოდ შესასვლელი და მის ზემოთ გაჭრილი სარკმელი. შესასვლელის თავზე მოთავსებულია ტიმპანი (დღეს მისი ზედაპირი ჩამომტვრეულია, ხოლო შესასვლელი – ამოქოლილი), რ-ის ქვედა ნაწილში მოთავსებულ რელიეფურ კომპოზიციაში გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით, მის ორივე მხარეს კი (სიმეტრიულად) – მფრინავი ანგელოზები (ღვთისმშობლის განდიდების სცენა). თლილი ქვით ნაგები მეორე დარბაზული ეკლესია X ს-ით თარიღდება; სახურავი და დას. კედელი ჩამონგრეულია; საკურთხეველში ორი მცირე ნიშია, აქვეა მოხატულობის კვალი. წარწერიანი ქვა, რ-იც აქ ადრე ყოფილა, ახლა აღარ ჩანს. ეკლესიის ირგვლივ მდებარე სასაფლაოზე საფლავის ქვათა შორის ცხენისა და ყოჩის ქანდაკებებია. როგორც ჩანს, ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა. დღევანდელი დაბის აღმ. ნაწილში, მდ. ქციაზე ძველი ხიდია. მის ბურჯებში ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვებია ჩაყოლებული. ასომთავრულ წარწერებში იხსენიებიან მირიან თარხონის ძე (ეკლესიის მაშენებელი), ბაგრატ IV მეფეთა მეფე. სევასტოსი, აგრეთვე მამამთავარი, წურწყაბელი ერისთავი გრიგოლ. სავარაუდოდ, ეს ქვები აქ გადმოტანილია ძვ. წალკის ეკლესიიდან XIX ს-ში, ხიდის მშენებლობის დროს. სოფ. ე. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1392 წლით დათარიღებულ მცხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. 1412–43 ერთი საბუთის მიხედვით ალექსანდრე მეფეს მაღალაძეებისათვის უბოძებია თრიალეთის ე-ის მოურავობა, ქადაგობა და სამცხეთოს გამოსაღების ერთი ნაწილი. 1581 ე. ისევ მცხეთის სვეტიცხოვლისა იყო, მაღალაძე კი – მისი მოურავი. XIX ს-ში თურქეთიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა თრიალეთში თავიანთი ძვ. სოფლების სახელწოდებები შემოიტანეს. ე-ს მაშინ ბარმაქსიზი უწოდეს. ამ სახელწოდებით დარჩა XX ს. 30-იან წლებამდე. ლიტ.: ალადაშვილი ნ., ეძანის ეკლესიის რელიეფი, «ძეგლის მეგობარი», 1972, #29; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, [ტ]. I, თბ., 1964; საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970. დ. ბერძენიშვილი.