ეძგვერაძე გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ე ძ გ ვ ე რ ა ძ ე.jpg

ეძგვერაძე გიორგი (გია) ვახტანგის ძე (დ. 10. VI. 1953, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. დიუსელდორფის (გერმანია) სამხატვრო აკად. პროფესორი (1995). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1980). ამავე წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. ე-ის მხატვრობა პოსტ-მოდერნისტული ფერწერის პრობლემატიკის გაღრმავების ნიშნით გამოირჩევა. მიწვეული იყო სამუშაოდ ესპანეთსა და საფრანგეთში; 1986-იდან ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ე-ის პერსონალური გამოფენა, თბილ. გარდა (მხატვრის სახლი, 1987), მოეწყო მსოფლიოს მრავალი ქალაქის გალერეებში: მოსკოვი (1987), პიტსბურგი (1988), დალასი (1988), ბრიუსელი (1988), დორტმუნდი (1989, 2006), მიუნხენი (1989, 1991, 1998, 1999, 2000, 2004), მადრიდი (1990), ჰელსინკი (1991), სტოკჰოლმი (1992), ამსტერდამი (1994), ლაიპციგი (1996), დიუსელდორფი (1997, 2004, 2007), ვენეცია (1997), ბუდაპეშტი (1998, 2004), იოჰანესბურგი (2004), ნიუ-იორკი (1999, 2002, 2011) და სხვ. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: 80-იანელთა თაობა (თბილისი, მხატვრის სახლი, 1986), ქართვ. აბსტრაქციონისტთა გამოფენა (მოსკოვი, 1988), ქართვ. მხატვართა გამოფენა (პარიზი, 1990), ვენეციის ბიენალეზე (1997) და სხვ. მისი 3 ნამუშევარი “სოთბის” აუქციონზე შეიძინა შვეიცარიის გალერეამ (1988). მნიშვნელოვანი ნამუშევრები: “ადიულტერი”, “საგანი” (ორივე – 1987), “ტრიპტიქი საქორწინო ბეჭდით”, “ფრენსის ბეკონის პორტრეტი”, “ტოტალური ხედვა” (სამივე – 1989), “ჯვარცმა” (1991), “ბადმინტონის მოთამაშენი” (1996), “უსათაურო” (1998) და სხვ. ე-ის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). ი. ქარაია.