ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.png


ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, დგას სოფლის ცენტრში. განეკუთვნება VI ს. II ნახევარს. ეკლესია მოზრდილი სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია თანაბარი ზომის მსხვილი რიყის ქვის სწორად ნაწყობი რიგებით. გეგმით წაგრძელებული შენობა ბოძების ორი წყვილით ვიწრო, მაღალ ნავებად არის გაყოფილი. სამი მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის. კოლოფა კამარით გადახურული შუა ნავი აღმ-ით საკურთხევლის აფსიდით არის დასრულებული. გვერდის ნავების გადახურვა ნალისებრი მოყვანილობისაა. აღმ. ნაწილში მათ თითო, გეგმით სწორკუთხა სათავსი აქვთ. ნალისებრი მოყვანილობისაა, აგრეთვე, ნავების გამყოფი თაღებიც. შესასვლელი სამია – სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთისა. ბაზილიკის შესასვლელის პირდაპირ, გარშემო-სასვლელში ჩრდ. და სამხრ. მხარეს სამ-სამ თაღიანი, ხოლო დას-ით ერთთაღიანი შესასვლელია მოწყობილი. გარსშემოსავლელი გადახურულია კამარით, რ-იც ბაზილიკის კედლებზე მიშენებულ ბოძებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის ფასადები სადაა, მხოლოდ მთავარი ნავის კედლების ზემო ნაწილს ამკობს დეკორაციული თაღები. ბაზილიკა XIX ს-ში შეუკეთებიათ და კრამიტით გადაუხურავთ. 2011 საერთაშ. საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1-I, თბ., 2013; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии., Тб., 1959. თ. საყვარელიძე.