ვაზის ლოკოკინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზის ლოკოკინა.png


ვაზის ლოკოკინა (Helix Lucorum), ხმელეთის ნიჟარიანი მოლუსკი მუცელფეხიანთა (Gastropoda) კლასისა. ნიჟარა მოყავისფრო-მოყვითალო შეფერილობისაა 2–5 მუქი ყავისფერი ზოლით. ნიჟარის სიმაღლე 35–50 მმ, ხოლო სიგანე 40–55 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. ვ. ლ. ჰერმაფროდიტი ცხოველია. წელიწადში რამდენჯერმე მრავლდება, ერთ ჯერზე 20–30 კვერცხს დებს. ცოცხლობს 3–5 წელიწადი. სქესმწიფობას აღწევს 2 წლის ასაკში. იკვებება მცენარის ცოცხალი ფოთლებით და ნაყოფებით. უმნიშვნელო ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის. გავრცელებულია მთელ საქართველოში. ბინადრობს როგორც დაბლობ, ისე მთიან ზონაში. ძირითადად გვხვდება დასახლებულ პუნქტებსა და მის შემოგარენში, იშვიათად – ბუნებრივ ლანდ-შაფტებში. გლობალურად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში (ევროპასა და რუსეთის ევრ. ნაწილში ვ. ლ-ს უწოდებენ მის მონათესავე სახეობას – Helix pomatia). ვ. ლ. პოპულ. საკვებია მთელ მის გავრცელების არეალში, მ. შ. სამცხე-ჯავახეთშიც. ამ მიზნით მას ბევრ ქვეყანაში ხელოვნურადაც ამრავლებენ. ვ. ლ-ს უახლოესი მონათესავე სახეობებია ბუხის ლოკოკინა (Helix buchi) და გოდერძის ლოკოკინა (Helix goderdziana), რ-ებიც კავკ. ენდემებია. ბუხის ლოკოკინა გავრცელებულია მთელ საქართველოში, აფხაზეთის გარდა, და მცირედით იჭრება ჩრდილოეთ თურქეთისა და სომხ. ტერიტორიაზე.