ვაზის ქართული ჯიშები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალადასტური.png საფერავი.png უსახელოური.png ჩხავერი.png


ვაზის ქართული ჯიშები, აბორიგენული მცენარეები. საქართველო კულტ. ვაზის ფორმათა წარმოშობის ერთ-ერთ პირველად კერადაა აღიარებული, სადაც ხალხ. სელექციით 500-ზე მეტი აბორიგენული ჯიშია გამორჩეული, მოშინაურებული და გავრცელებული. აქვე მოპოვებული და აღწერილია თანამედროვე კულტ. ვაზის (Vitis vinifera sativa) უშუალო წინაპარი ველური სახეობა უსურვაზი (V. vinifera silvestris), რ-იც წითელ წიგნშია შეტანილი. მისი წარმოშობის ადგილებში აღწერილია 400-მდე ველური და გაველურებული ფორმა; ფიქსირებულია მათ შორის გარდამავალი ფორმებიც, რაც ველური ვაზის გაკულტურების პროცესზე მიგვანიშნებს. ვაზის ქართ. აბორიგენული ჯიშები მორფოლ.-ბიოლ. ნიშან-თვისებათა მიხედვით მოქცეულია შავი ზღვის აუზის ((Convar pontica Negr.) საქართვ. ქვეჯგუფში (Sub. convar Georgica Negr.), რ-შიც გაერთიანებულია დას. და ნაწილობრივ აღმ. საქართვ. ჯიშები: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ჩხავერი, ოჯალეში, კაჭიჭი, რქაწითელი, საფერავი და სხვ. მათი განმასხვავებელი ამპელოგრაფიული ნიშნებია – ყლორტის წვერის ახალგაზრდა და ზრდასრული ფოთლების სხვადასხვა ინტენსივობით შებუსვა, საშუალო სიდიდის მტევნები, რ-ებიც უმეტესად საღვინე და ორმაგი (საღვინე-სასუფრე) დანიშნულებისაა. აღმ. საქართველოს ვაზის ჯიშების ნაწილი მო-თავსებულია აღმ. აზიურ ეკოლ.- გეოგრ. ჯგუფის (Convar orientalis Negr.) კასპიის ზღვის აუზის (Sub. convar Caspica Negr.) ჯიშთა ჯგუფში (თავკვერი, შავკაპიტო და სხვ.), რ-თა განმასხვავებელი ნიშნებია: ყლორტის კონუსისა და ნორჩი ფოთოლაკების შეუბუსავობა, საშუალოზე დიდი მტევნები საკმაოდ წვნიანი მარცვლებით. საქართველოში გამოყოფილია კულტ. ვაზის ფორმათა წარმოშობის ორი კერა: კოლხეთის და ალაზნის. ვ. ქ. ჯ. ენდემურია და გავრცელებულია ძირითად ეთნ.-გეოგრ. ცენტრებში: კახეთში (90-მდე) – რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, მცვივანი, საფერავი და სხვ. ქართლში (72 ჯიში) – ჩინური, გორული მწვანე, გორულა სუფრის, ბუდეშური, შავკაპიტო, თავკვერი და სხვ.; იმერეთში (70-ზე მეტი) – ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი და სხვ.; რაჭაში (40-ზე მეტი) – ალექსანდროული, მუჯურეთული წულუკიძის თეთრა, კაბისტონი და სხვ.; ლეჩხუმში – უსახელოური, ორბელური, ოჯალეში და სხვ.; გურიაში (60-მდე) – ჩხავერი, ალადასტური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა და სხვ.; აჭარაში (50-მდე) – საწურავი, ბროლა, კლარჯული და სხვ.; სამეგრელოში (60-ზე მეტი) – ოჯალეში, ჩერგვალი, პუმპულა და სხვ.; აფხაზეთში (50-მდე) – ავასირხვა, კაჭიჭი და სხვ.; მესხეთში (25-ზე მეტი) – მესხური საფერავი, მესხური ცხენის ძუძუ, თამარის ვაზი და სხვ. ვაზის სამრეწვ. სორტიმენტში შეტანილი 47 ჯიშიდან 38 ქართულია (საღვინე – 37, წითელყურძნიანი – 14, თეთრყურძნიანი – 23). ფერადყურძნიანი ჯიშებია: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, ალადასტური, თავკვერი, შავკაპიტო, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეში, ჩხავერი, ძელშავი, კაჭიჭი, საწურავი და სხვ.;

მწვანე კახური.png რქაწითელი.png

თეთრყურძნიანი – რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, და სხვ.; სასუფრე აბორიგენული ჯიშებია: წითელი და თეთრი ბუდეშური, გორულა, ქართლის თითა, კლარჯული; სელექციური – ქართ. საადრეო, თბილისური, რქაწითელი მუსკატური, ივერია, ბესტა-ვაშვილის თეთრა, დაისი, აგუნა, ვარძია და სხვ. ფილოქსერაგამძლე ქართ.-ამერიკული საძირე ჰიბრიდებია: რქაწითელი  რიპარია გლუარი 14, რქაწითელი (ბერლანდიერი  რიპარია 420ა) 19, შავი ხარისთვალა  (ბერლანდიერი რიპარია ტელეკი 8ბ) ბიოტიპი 9. საკოლექციო ნარგაობაში გამოვლენილია 20-მდე პერსპექტიული ჯიში: მცვივანი, ჩიტისთვალა, დანახარული, მხარგრძელი, ჯანი, საკმიელა, სხილათუბანი, პუმპულა, ბროლა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვაზის მცირედ გავრცელებული, უნიკალური ჯიშების (მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, მცვივანი, ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ჩხავერი, ოჯალეში, შავკაპიტო, კაჭიჭი და სხვ.) აღდგენა-გავრცელებას. ვ. ქ. ჯ-ის უმეტესობა ჯიშურ პოტენციალს მაქსიმალურად ამჟღავნებს წარმოშობის კერებში და მის ანალოგიურ ადგილებში, უნიკალურ მიკროზონებში. საფერავისთვის ასეთი ადგილია შიდა (ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული) და გარე კახეთი (ხაშმი), რქაწითელის განვითარებისათვის საუკეთესოა წინანდლის, ნაფარეულისა და გურჯაანის მიკროზონები, მწვანე კახურისათვის – გარე კახეთი (მანავი-კაკაბეთის მიკროზონა); ხიხვისთვის რეკომენდებულია იყალთო (თელავი) და კარდენახი-ბაკურციხე (გურჯაანი), ჩინურისა და გორული მწვანესათვის გამორჩეულია ატენისა (გორი) და ქსნის ხეობა (ვაზი-ან-ქსოვრისის მიკროზონა); ალექსანდროული და მუჯურეთული მხოლოდ რაჭაში, ამბროლაურში (ხვანჭკარა, სადმელი, ბოსტანა, ჩორჯო და მათი მიმდებარე ადგილები) ავლენენ საუკეთესო თვისებებს. უსახელოურისთვის შეუცვლელია ზუბი-ოყურეშის მიკროზონა, ჩხავერისათვის – გურიისა და აჭარის მთის წინა ზვრები (ბახვი-ასკანა, ბუკისციხე) და ქედა (აჭარა); ოჯალეშისთვის – სამეგრელო (სალხინო და ბანძა); ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა ჯიშურ პოტენციალს მაქსიმალურად ავლენენ შუა (ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა) და ზემო იმერეთის (ხარაგაული, საჩხერე) მიკროზონებში. XIX ს. I ნახევარში, პარიზში ვ. პიულიამ (1809), ჟ.-ფ. გამბამ (1824), ა. დეკანდოლმა, გ. შარერმა და ფ. კოლენატმა (1843–44) აღწერეს ვაზის რამდენიმე ქართ. ჯიში, საქართველოში კი – ლ. ჯორჯაძემ (1876), ე. ნაკაშიძემ, ი. წინამღძვრიშვილმა და სხვ. ივ. ჯავახიშვილის წიგნში “საქართველოს ეკონომიკის ისტორია” (1934) გაშუქებულია ვ. ქ. ჯ-ის წარმომავლობის, გავრცელების, სახელწოდებების, მათი უცხოეთში გატანისა და სხვა საკითხები. 1938 გამოიცა ს. ჩოლოყაშვილის სახელმძღვანელო ამპელოგრაფიაში. მანვე საინტერესო შრომა მიუძღვნა თამარის ეპოქის (XII ს.) ჯიშებს (საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, მწვანე, ხევარდული), რ-ებიც V ს-იდან მოიხსენიებიან ისტ. წყაროებში. 1934 თ. კვარაცხელიამ შეაგროვა და აღწერა აფხაზეთის ვაზის ჯიშები, მ. რამიშვილმა – გურიის, სამეგრელოსა და აჭარის (1947), დ. ტაბიძემ – კახეთის (1947), ნ. ჩახნაშვილმა (1953) და რ. კიკაჩეიშვილმა (1963) – ქართლისა, ა. მიროტაძემ – რაჭა-ლეჩხუმის. ვაზის ჯიშები გამოიყვანეს ნ. ჩახნაშვილმა და ვ. ქანთარიამ (თბილისური, მუსკატური რქაწითელი), დ. ტაბი-ძემ (ქართ. ადრეულა, სახალხო თეთრი), აგრეთვე მ. რამიშვილმა და რ. რამიშვილმა (ივერია, კოლხური, ვარძია, ნაცრისფერი მუსკატი და სხვ.). 1960 დაიბეჭდა ილუსტრირებული ატლასი “საქართველოს ამპელოგრაფია” (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე). 1946–70 ქ. მოსკოვში გამოცემულ საკავშ. ამპელოგრაფიის XI ტომში ქართველმა მეცნიერებმა (მ. რამიშვილი, რ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, ნ. ჩახნაშვილი, რ. კიკაჩეიშვილი და სხვ.) 414 ჯიში აღწერეს. 1983–86 გამოვიდა მ. რამიშვილის სახელმძღვანელო “ამპელოგრაფია”. 1986–96 მოლდავეთში, ქ. კიშინიოვში გამოიცა სამტომეული “მევენახეობის ენციკლოპედია” (სარედაქციო კოლეგიის წევრი ნ. ჩხარტიშვილი), რ-შიც 300-ზე მეტი ქართ. ჯიშია შეტანილი. აღსანიშნავია რ. რამიშვილის მონოგრაფია “ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია” (2004), რ-შიც 300-მდე ჯიშია წარმოდგენილი, დახასიათებულია საქართველოში გავრცელებული ველური და გაველურებული ვაზის ფორმებიც, საიდანაც 400-ზე მეტი მანვე მოიპოვა. 2004 და 2009 იტალ. ენაზე გმოცემულ წიგნში “აღმოსავლეთის ამპელოგრაფია” 150 ქართ. ჯიშია დახასი-ათებული (ნ. ჩხარტიშვილი, ნ. ცერცვაძე). 2012 ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა “კავკასია და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონის ამპელოგრაფია” (ნ. ჩხარტიშვილი, ნ. ცერცვაძე, დ. მაღრაძე), რ-შიც 50-მდე ქართ. ჯიშია აღწერილი და ილუსტრირებული. საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, ორივე გამოცემას მიენიჭა მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშ. ორგანიზაცია ოივ-ის პრემია. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშები თავმოყრილია ამპელოგრაფიულ კოლექციებში. XX ს. 30-იან წლებში კახეთში, თელავში, მევენახეობა-მეღვინეობის კვლ. ინ-ტის ექსპერ. ბაზაზე გაშენდა პირველი საკოლექციო ნაკვეთი 600 ნიმუშით, საიდანაც 300-ზე მეტი იყო ქართული. 1947 თბილ. მახლობლად, დიღმის მეურნეობაში მოეწყო საკოლექციო ნაკვეთი 1200 ჯიშით, რ-იც 1968 გაფართოვდა და გადაიქცა საერთაშ. კატეგორიის საკოლექციო ნარგაობად 3000-მდე ჯიშით, მათ შორის 420 იყო ქართული. იქვე, მ. რამიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რ-იც გადაიქცა ვაზის ქართ. გენოფონდის კვლევის ცენტრად. სამხარეო და ადგილობრივი კატეგორიის ნარგაობები მოეწყო: საქარაში (200-ზე მეტი ჯიში), გუდაუთაში (აფხაზეთი; 300-ზე მეტი), ზუგდიდში (სამეგრელო; 50-მდე), აჭარაში (40 ჯიში), მესხეთში (30-მდე), მუხრანში (200-ზე მეტი) და სხვ. 2003 საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილ. ვაშლიჯვარის ექსპერ. ბაზაზე საერთაშ. პროექტით (გენოფონდის დაცვის ინ-ტი; რომი) გაშენდა 350-ზე მეტი კულტ. და ველური ვაზის ჯიში და ჯიშფორმა (ნ. ჩხარტიშვილი, ნ. ცერცვაძე). მილანის უნ-ტთან თანამშრომლობით იტალ. ქ. გორიციაში გაიგზავნა ვაზის 150 ქართ. ჯიში; პარალელურად, კახეთში, ყვარლის მეურნეობის კერძო სექტორში გაშენდა 300-ზე მეტი ჯიში (ლ. უჯმაჯურიძე); აგრეთვე 150-ზე მეტი ნიმუში დაცულია წინანდალში, კომპანია “შუმის” ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. XX ს. ბოლოდან კოლექციების დიდი ნაწილი დაკნინდა. ზოგი მათგანი (აფხაზეთის, აჭარის, სამეგრელოს, საქარის საცდელი სადგურის, აგრ. უნ-ტის, თბილისის ვაშლიჯვრის) აღარც კი არსებობს. ბ. ივანიშვილის ძალისხმევით საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სამეცნ. ძალებისა და ტექ. ბაზის გამოყენებით 2007 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიღაურაში შეიქმნა ვაზისა და ხეხილის ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების ცენტრი (ხელმძღვ. ლ. უჯმაჯურიძე, მეცნ.-კონსულტანტი ნ. ჩხარტიშვილი), რ-იც ნერგის წარმოებასთან ერთად უზრუნველყოფს ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კონსერვაციას, კვლევას და აღწარმოებას. იქვე 2009 გაშენდა საკოლექციო ნაკვეთი, სადაც 450-მდე ვაზის ქართ. ჯიშია თავმოყრილი (თითოეული 10–20 ძირის რაოდენობით), ასევე შემოტანილი და დაცულია 300-ზე მეტი უცხ. ჯიში. კოლექცია რეგისტრირებულია საერთაშ. კატეგორიის სტატუსით. 2014-იდან საქველმოქმედო ფორმა ორგანიზაციისა შეიცვალა და გადავიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში სამეურნეო ანგარიშიანი მეურნეობის სახით. ქართ. ვაზის გენოფონდს იცავს საქართვ. კანონი “ვაზისა და ღვინის შესახებ” (1998). ვაზის უნიკალური ქართ. ჯიშებისაგან ღებულობენ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს: “რქაწითელი”, “ნაფარეული”, “გურჯაანი”, “მუკუზანი”, “ქინძმარაული”, “ახაშენი”, “ხვანჭკარა”, “წინანდალი”, “მანავის მწვანე”, “სვირი” და სხვ. აღიარება პოვა ქართ. ვაზის ღვინო-მასალებისაგან შექმნილმა “ენისელმა”,გრემმა” და სხვ. ქართულ-მა ღვინომ საერთაშ. კონკურსებზე არაერთგზის დაიმსახურა უმაღლესი ჯილდოები, ოქროსა და ვერცხლის მედლები. ნ. ჩხარტიშვილი.


ციცქა.png ცოლიკოური.png