ვაზოვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზოვანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, VI ს. სამეკლესიიანი ბაზილიკა. მდებარეობს ყვარლის ჩრდ.-აღმ-ით 3 კმ-ზე, მდ. ვაზოვანის მარცხ. შემაღლებულ ნაპირზე, ტყეში. შენობა ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. შიგნით და გარედან გალესილი ყოფილა. კუთხეები მსხვილი თლილი ქვითაა გამოყვანილი. გვხვდება გათლილი შირიმის ქვაც. მაღალი და ვრცელი შუა ნავის გრძივი კედლები სამ-სამი ორსაფეხურიანი პილასტრით ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი. აღმოსავლეთის მხარეს ნალისებრი აფსიდია, რ-ის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა, უშუალოდ შუა ეკლესიასთან კარით დაკავშირებული სამკვეთლო და სადიაკვნეა განლაგებული. სამხრ. ეკლესიიდან შემორჩენილია ეკლესიის აფსიდის ნაშთი; ჩრდ. ეკლესიები მთლიანად დანგრეულია. მთავარი ნავის სამხრ., ჩრდ. და დას. კედლებზე შემორჩენილია კონსოლები, რ-ებსაც გვერდითი ეკლესიების და დას. გარშემოსავლელის გადახურვა იყო დაყრდნობილი. სა-კურთხევლის აფსიდსა და მის გვერდებზე არსებული სათავსების აღმ. კედელში გარეთკენ შევიწროებული თითო სარკმელია. შუა ნავი ნათდებოდა 2 ასეთივე სარკმლით, რ-ებიც გაჭრილი იყო, შუა ნავის სამხრ. კედელში. შუა ეკლესიას 3 შესასვლელი აქვს. მოკლებულია ორნამენტულ სამკაულებს, წარწერებს. ინტერიერში შემონახულია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები. ძეგლის სამხრ.-აღმ-ით დასახლების ნაშთია, ხოლო მისგან აღმ-ით დაახლ. 3 კმ-ზე საკმაოდ დიდი ნაქალაქარია, რ-საც ადგილობრივი მოსახლეობა ყორიანს უწოდებს. ლიტ.: ჭილაშვილი გ., კახეთის ერთი უცნობი არქიტექტურული ძეგლის შესახებ (ვაზოვანი), «ძეგლის მეგობარი», 1986, №2; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1-I, თბ., 2013; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959