ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია.png

ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია, ერთნავიანი პატარა ეკლესია, თეთრი წყაროდან 4–5 კმ-ზე, სოფ. ვაკის ჩრდ.-დას-ით. აღმ. სარკმლის თავზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერის მიხედვით იგი აგებულია 1341, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში. გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმ-ით აქვს კონქით დასრულებული ნალისებრი ფორმის ღრმა აფსიდი. შესასვლელი სამხრ. კედლის დას. ნაწილშია. შიგნითა კედლები ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ადგილები თლილი ქვითაა ამოყვანილი. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო, ქვის კანკელი დამსხვრეულია (ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში). ერთსაფეხურიან ბაქანზე აღმართული ეკლესიის ფასადები შემოსილი იყო ლამაზად ნაწყობი თლილი ქვის კვადრებით. ფასადები სადაა, 3 სარკმლიდან მხოლოდ აღმოსავლეთის სარკმელია მორთული კედლის სიღრმეში ჩაკვეთილი ორიგინალურ-წნულიანი ჩარჩოთი. ლიტ.: ასათიანი ნ., ჭიჭინაძე ი., ალგეთი, თბ., 1985; ზაქარაია პ., XIV საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელ ვაკეში, «საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე», 1950, ტ. 11, #3. პ. ზაქარაია.