ვალერიუს ფლაკუსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალერიუს ფლაკუსი (Valerius Flaccus Setinus Balbus) გაიუს სეტინუს ბალბუს (ახ. წ. I ს. II ნახ. – დაახლ. 90 –95), რომაელი ეპიკური პოეზიის წარმომადგენელი, სენატორი, წარმო-შობით იტალიის პროვინცია კამპანიის ქ. სეტიიდან. ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური პოემისა “არგონავტიკა”, რ-იც მიუძღვნა იმპ. ვესპასიანეს. პოემაში აპოლონიოს როდოსელის მიბა-ძვით აღწერილია არგონავტთა მოგზაურობა კოლხეთისაკენ. თხზულება დაუმთავრებელია, შედგება 8 წიგნისაგან. ეტყობა ვერგილიუსის სტილის გავლენა. აღწერს შავი ზღვის სანაპიროზე მოსახლე ტომებს, მ. შ. ქართველურ ტომებს: ხალიბებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს. დაწვრილებითი ცნობებია საკუთრივ კოლხეთზე, მდ. ფასისზე, მეფე აიეტზე. აშკარად ჩანს, რომ ავტორი იყენებდა თავის თანამედროვე რომაელი მწერლების, პირველ რიგში, პომპონიუს მელას და პლინიუსის გეოგრ. აღწერებს. ძვ. და ახ. ცნობების ასეთი შერწყმა მოითხოვს ვ. ფ-ის ცნობებისადმი კრიტ. მიდგომას. თხზ.: Argonauticon libri VIII, ed. O. Kramer, Lipsiae, 1913; Argonauticon libri octo, ed. J. H. Horley, L., Cambr. 1934 (Loeb Classical Library). ლიტ.: გიგაური ც., ვალერიუს ფლაკუსის “არგონავტიკა”, «ცისკარი», 1969, #8; ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964. ნ. ლომოური.