ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია.png


ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია, X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ტაძარი ქალაქ ვალეში, ისტ. სამცხეში. თავიდან გუმბათიანი შენობა ყოფილა, XVI ს-ში სამნავიან ბაზილიკად გადაუ-კეთებიათ. თავდაპირველი ეკლესიიდან შემონახულია კარ-სარკმლების მდიდრული მორთულობა. აღმ. ფასადის ცენტრ. სარკმლის თავზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მის დაბლა მთავარანგელოზისა და ქალის ფიგურებია; ორივეს ასომთავრული წარწერები ახლავს: 1. “გაბრიელ მახარობელი”; 2. “წმიდაო ღმრთისმშობელო კრავაი შეიწყალე”. სამხრ. ფასადზე, კარის ორსავე მხარეს, შეწყვილებული ნახევარსვეტებია, რ-თაც თაღი ეყრდნობა. მარჯვ. ნახევარსვეტების კაპიტელზე ყოფილა ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რ-იდანაც მხოლოდ ნაწყვეტი იკითხება: “... გუერაისძის წყალი...”. ამავე ფასადის კარის ტიმპანზე ქრისტეს დიდი გამოსახულებაა, რ-ის ორსავე მხარეს მოციქულთა პატარა ფიგურებია ამოღარული წარწერებით: “პავლე, პეტრე მოციქული...”. დას. შესასვლელის თავზე ცხენოსნებია გამოსახული. ეკლესიის შიგნით, სადიაკვნეს ტიმპანზე რელიეფური ჯვარია გამოხატული, რ-საც ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა ახლავს: “ძელო ცხორებისაო, მე, ცოდვილი დანგათ სვიმეონ ამის პატიოსნისა ჯუარისა გამომხატველი”. ტაძრის სვეტებზე შემონახულია ასომთავრული და მხედრული წარწერები, რ-ებიც ეკლესიის გადაკეთების დროინდელია. 1561–64 წარწერაში ქართველთა მეფეთ-მეფის კონსტანტინეს შვილიშვილი, ბაგრატ მეფის ასული, ათაბაგ-ამირსპასალარის სახლის რძალი – დედისიმედი მოგვითხრობს ვ. ღ. ე-ის მეორედ აღშენებაზე. აქვე იხსენიებიან მისი მეუღლე ქაიხოსრო ათაბაგი, შვილები – ყვარყვარე, მზეჭაბუკ, მანუჩარ, თვალშვენიერი, ივანე, თამარ, დედისიმედის ძმები ჰერაკლე, აშოთან, და თეოდორა... 1561–72 წარწერებში ყვარყვარე და მზეჭაბუკი უკვე ცალ-ცალკე მოიხსენიებიან. ეკლესიის აღმ-ით, მრგვალ სვეტზე ქვისაგან გამოკვეთილი ჯვარი დევს. მისი ასომთავრული წარწერა ასე იკითხებოდა: “ქრისტე ადიდე სული პატრი... შვილნი... წმიდაო გიორგი”. ჯვარი მოგვიანებით სხვა ადგილიდან მოუტანიათ და აქ დაუდევთ. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941; ლაპიდარული წარწერები, I, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980. ლიტ.: ზაზაძე ელ., გადმოცემები წმინდა გიორგიზე სამცხე-ჯავახეთში, «მესხეთი», II, ახალციხე, 1998; სილოგავა ვ., სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა..., კრ.: მრავალ-თავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, [ტ.] 10, თბ., 1983. დ. ბერძენიშვილი.