ვალსეკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალსეკა (Valseca) გაბრიელ დე, XV საუკუნის ესპანელი კარტოგრაფი. ქართ. მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია ვ-ს ორი პორტოლანი (საზღვაო რუკა), რ-ებიც მან შექმნა 1439 და 1447. ვ-ს პორტოლანები საკმაოდ უხვ მასალას გვთავაზობს მსოფლიოს ქვეყნების დროშების შესახებ. 1439 პორტოლანზე აფრიკის სამხრ.-აღმ. კუთხეში მოცემულია იოანე პრესბიტერის გამოსახულება მცირე ზომის ჯვრის ნიშნით. ჩრდ. აფრიკის მთელ გაყოლებაზე ჩამწკრივებულია მაჰ-მადიან მმართველთა დროშები. დას. ევროპაში ვხედავთ ცალკეული ევრ. სახელმწიფოების და ქალაქების დროშებს. მცირე აზიაში თურქ. სულთნის დიდი გამოსახულება ჩნდება, ტრაპიზონთან კი – კომნენოსთა წითელი დროშა ორთავიანი, ოქროსფერი არწივით. შავი ზღვის აღმ-ით გამოხაზულია ვერტ. მთაგრეხილი, რ-იც ლიხის ქედი ან კავკასიონის მთა უნდა იყოს. ამ მთა-გრეხილზე დატანილია დროშა – თეთრ ფონზე ხუთი წითელი ჯვრით. ეს მთაგრეხილი და ხუთჯვრიანი დროშა ვ-ს 1439 და 1447 პორტოლანებზე ოდნავ ჩრდილოეთითაა წაწეული, რაც საერთო სურათს არ ცვლის, რადგან კავკასიის ჩრდ-ით მდებარე ტერიტორია ამ დროის პორტოლანებზე საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში მოიაზრება. ამ ფაქტს ადასტურებს მრავალი ევრ. რუკა. ვ-ს 1447 პორტოლანზე დას. ევროპაში ჩანს მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს დროშა, სოხუმის ოდნავ ზემოთ კი – ხუთჯვრიანი დროშა. ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII –XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004. ა. თვარაძე.