ვანანდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანანდი, შუა საუკუნეების სომხეთის აირარატის ოლქის მხარე. მისი ტერიტორია შეესაბამება თანამედროვე ყარსისა და სარიყამიშის რ-ნებს. თავდაპირველად ამ მხარეს ვანანდელი მთავრები განაგებდნენ, VIII ს. ბოლოდან კი ბაგრატუნების ხელშია. სომხეთის მეფის აშოტ III-ის მიერ ყარსის გამგებელად დანიშნულმა მისმა ძმამ, მუშეღ ბაგრატუნმა, 963 თავი მეფედ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ყარსის, ანუ ვ-ის სამეფოს, რ-იც მთლიანად მოიცავდა ვ-ის მხარეს. ეს სამეფოც, სხვა სომხ. სამეფოების მსგავსად, ბაგრატუნიანთა ანისის ცენტრ. სამეფოს ექვემდებარებოდა. ბაგრატუნიანთა სამეფოს დაცემის (1045) შემდეგ ვ. ბიზანტიამ დაიპყრო და 1065 იბერიის საკატეპანოს (იხ. იბერიის თემი) შემადგენლობაში შეიყვანა. საქართველოს თავდაცვისათვის ვ-ზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რის გამოც ქართვ. ხელისუფლები ცდილობდნენ მის შემოერთებას. “მატიანე ქართლისაQს” ცნობით, “სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი” XI ს. 70-იანი წლების დასაწყისში სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ მებრძოლ გიორგი II-ს აუღია. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით კი – ბიზანტ. იმპერიის დიდმოხელემ, გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რ-იც იმ დროს ოლთისს, კარნუ ქალაქსა და კარს ფლობდა, კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა გიორგის გადასცა, ხოლო გიორგი II-მ ის შავშელ აზნაურებს ჩააბარა სამმართველოდ. 1074–80 ვ-ის ქვეყანა სელჩუკიანმა თურქებმა დაიპყრეს. დავით აღმაშენებელმა სომხეთში ლაშქრობისას ანისის შემდეგ ვ-ც გაათავისუფლა სელჩუკიანთა ბატონობისაგან და საქართველოს შემოუერთა. 1205–06 (თამარ მეფის დროს) საქართვ. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიხსნა ვ. მაჰმადიანი მფლობელებისაგან. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; История армянского народа, Ер., 1951. გ. მაისურაძე.