ვანდერველდე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე. ვანდერველდე.png


ვანდერველდე (Vandervelde) ემილ (25. I. 1866, იქსელი, – 27. XII. 1938, ბრიუსელი), ბელგიელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ბრიუსელის უნ-ტის პოლიტ. ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1924-იდან). იურისტი. მემარჯვენე სოციალისტი და ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი დას. ევროპაში. “ანტიბოლშევიკ ერთა საერთაშორისო ბლოკის” საპატიო წევრი (ბლოკის გენ. მდივანი იყო ნ. ნაკაშიძე). 1900-იდან II ინტერნაციონალის საერთაშ. სოციალ. ბიუროს თავ-რე. 1894-იდან ბელგიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრი. 1914–37 ბელგიის მთავ-რობის წევრი – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი. ბელგიის დელეგაციის ხელმძღვანელი პარიზის (1919–20) საზავო ხელშეკრულების დადებისას. ხელი მოაწერა ვერსალის ზავს (1919). 1922, როგორც დამცველი, მოსკოვში მონაწილეობდა მემარჯვენე ესერთა სასამართლო პროცესში. ერთა ლიგის დაარსების დღიდან (1919) გამოდიოდა ამ საერთაშ. გაერთიანებაში საბჭ. რუსეთის, შემდეგ კი სსრკ-ის მიღების წინააღმდეგ. აქტიურად იცავდა საბჭ. იმპერიის მიერ დაპყრობილ ერთა, პირველყოვლისა კი – საქართველოს ინტერესებს. ვ-მ II ინტერნაციონალის ოფიც. დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად იმოგზაურა (1920 სექტ.) საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკაში. მან დიდად შეუწყო ხელი საქართველოს საერთაშ. სამართალსუბიექტად აღიარებას და ოფიციალურად ცნობას (დე-ფაქტო 1920 წ. 12 იანვ., დე-იურე – 1921 წ. 27 იანვ.). 1921-იდან, საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ხელს უწყობდა ბელგიის ქართველთა სათვისტომოს საქმიანობას. მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი იყო თვალსაჩინო ქართვ. პოლიტოლოგი და სოვეტოლოგი, ბრიუსელის უნ-ტის პოლიტ. მეცნ. დოქტორი, ვ-ს სახელობის ინ-ტის სამეცნ. ბ-კის ხელმძღვ. მ. ტუღუში. ვ-ს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართ. პოლიტ. ემიგრაციის სხვა არაერთ გამოჩენილ მოღვაწესთან. ლ. ურუშაძე.