ვანის სახარება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის სახარება.png


ვანის სახარება, ვანის ოთხთავი, გიორგი მთაწმიდლისეული ქართული რედაქციის ხელნაწერი XII–XIII სს. მიჯნისა. შესრულებულია ლამაზი ნუსხურით ორ სვეტად. შეიცავს 274 ფურცელს (241-ე ფურცელი ამოვარდნილია), სვეტში 21 სტრიქონია. ხელნაწერის ზომაა 29 ´ 21 სმ, ნაწერი სვეტისა – 19 ´ 5,2 სმ. სათაურები, აბზაცის დასაწყისი და ზოგჯერ ცალკეული სიტყვების პირველი ასოები შესრულებულია მთავრულითა და ოქრომელნით. მდიდრულადაა შემკობილი ევსების “10 კანონის” შემცველი კამარებით, მახარებელთა სურათებითა და მინიატიურებით. ხელნაწერის მომხატველია ბერძენი მიქაელ კორესელი. გადაწერილია თამარ მეფის სამეფო კარის დაკვეთით ვინმე იოვანეს მიერ ქ. კონსტანტინოპოლთან ახლომდებარე ჰრომაის (რომანას) ქართველთა მონასტერში. ანდერძიდან ჩანს, რომ ცნობილი მოღვაწე ბერი ზაქარია ჩასულა ათონის მთაწმიდის მონასტერში, მის წიგნსაცავში მოუძიებია ოთხთავის გიორგი მთა-წმიდლისეული ავტოგრაფი; იგი თავდაპირველად შატბერდელ სტეფანე ხუცს გადაუწერია, შემდეგ კი – იოვანეს. ყოველ სახარებას უძღვის მოკლე უწყება და თავების ტექსტი: მათესას – 76, მარკოზისას – 57, ლუკასას – 96, იოვანესას – 36. ეს თავები ტექსტშიც მეორდება სათანადო ადგილებში. ხელნაწერში დაცულია ბევრი მინაწერი და გიორგი მთაწმიდლის ცნობილი ანდერძიც. ვ. ს-ს ახასიათებს ორთოგრაფიულ-ფონეტ. თავისებურებანი: უE დაწერილობა უ¤ე-ს ნაცვლად, ს-ს ასიმილაციური ცვლილება შ-დ ჯ ჭ ჩ-ს წინ, ჰ პირის ნიშნის ხმარება მხოლოდ ხ-ს წინ, ვნებით გვარში ზმნის უვინო დაწერილობა და ა. შ. ვ. ს. ერთხანს (XIV–XV სს.) დაცული ყოფილა მესხეთში, შორათის მონასტერში, მერე (XVIII ს.) – ვანში, 1889-იდან – გელათში, საიდანაც ვ. ბერიძეს ჩამოუტანია თბილისში. ამ-ჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში (A–1335). ტექსტი გამოკვლევითურთ გამოსცა ი. იმნაიშვილმა (“ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია”, თბ., 1979). ლიტ.: აბულაძე ი., ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი, გამოც. მე-2, თბ., 1973; მაჭავარიანი ე., ვანის ოთხთავის დეკორაციული მორთულობა, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1960, ტ. 2; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A კოლექცია), IV, თბ., 1954; ყაუხჩიშვილი თ., ზოგი ქართული ხელნაწერის ბერძნული მინაწერები, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2. კ. დანელია.