ვანი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის თემში (იმერეთის მხარე), მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, ჯინჯოურის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 560 , ხარაგაულიდან 6 კმ. 280 მცხ. (2002). ვ-ში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – უხეშად გათლილი ქვით ნაგები წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. მშენებლობის თავდაპირველი ფენა IX–X სს. მიეკუთვნება. ძეგლი დაზიანებულია. კომპოზიციით ორნავიან ეკლესიას წააგავს, მაგრამ სინამდვილეში ჩრდილოეთის ვიწრო მინაშენი აქ ვერ ასრულებს “ნავის” ფუნქციას. საყურადღებოა დას. და აღმ. სარკ-მლების, კარნიზის ქვებისა და ინტერიერთა პილასტრების კაპიტელების დეკორ. მორთულობა. მოგვიანებით, XVI ს. დასაწყისში ეკლესია აღადგინეს, შეაკეთეს და მოხატეს. კედელზე გამოსახ-ული არიან იმერეთის მეფე ალექსანდრე II და გელათის წინამძღვარი მელქიზედეგ აბაშიძე (1505–19). შენობას XIX ს. რესტავრაციის კვალიც აჩნია. დასავლეთის ამჟამად დანგრეული მინაშენი სულ გვიანდ. დანამატია. ეკლესიაში იდგა საკურთხევლის წინა ჭედური ჯვარი (XVI ს.), რ-იც გადმოტანილი და დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად ძეგლი მთლიანად აღდგენილია. რეკონსტრუქციის დროს ეკლესიის ჩრდ. კედლის ძირში აღმოჩნდა ქვით ნაგები, კამარით გადახურული სათავსი, როგორც ჩანს, საძვალე. ეკლესიის ეზოში დაცული ორი სვეტისთავი უფრო ადრინდელ ნაგებობას ეკუთვნის. ვ-ის ეკლესიის ჩრდ-ით, ნაციხრის მთაზე, შემორჩენილია ჩიქოვანთა ციხე-გალავნის ნაშთები. მთის ფერდობზე ქვით ნაგები ტერასების კვალია. სოფლიდან 3 კმ-ზე, კახორის მთაზე მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. კახორის ეკლესიაში, რ-იც, ალბათ, ძვ. წარმართული საკურთხევლის ადგილზე იდგა, აღმართული ყოფილა ხავერდის მოსასხამით შემოსილი ხის დიდი ჯვარი წმ. გიორგის გამოსახულებით (კახორის ეკლესიას იხსენიებს ლ. გოთუა რომანში “გმირთა ვარამი”). აქ იმართებოდა საეკლ. დღესასწაული კახორო-ბა. ლიტ.: საყვარელიძე თ., ვანის წმინდა გიორგის ეკლესია, «ძეგლის მეგობარი», 1972, #29; ტაბატაძე კ., სოფელ ვანის ეკლესია და მისი შემოგარენი, იქვე, 1986, #3. თ. საყვარელიძე.