ვაჟა-ფშაველა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჟა-ფშაველა.png ვაჟა-ფშაველა (ნამდვ. სახელი და გვარი – ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) [14 (26). VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 27. VII (9. VIII). 1915, თბილისი], პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის, პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის, წვრილშვილიან ოჯახში (ვ.-ფ-ს ძმებიც – ბაჩანა და თ. რაზიკაშვილი ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სას. სასწავლებელში, 1877–79 – თბილ. სამასწავლებლო ინ-ტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან – გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რ-იც 1882 დაამთავრა. დაუახლოვდა გორის ხალხოსანთა წრეს. ერთხანს ამტნისხევში მასწავლებლობდა, 1883–84 პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნ-ტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ოთარაშენში, ამილახვრის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ – დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა. სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. ვ.-ფ. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვ.-ფ-ს პირველი კორესპონდენცია “წერილი ხევსურეთიდან” 1879 დაიბეჭდა (“დროება”, #1), პირველი თარგმანი ერკმან–შატრიანის მოთხრობისა “ფეოდალის აღზრდა” – 1880 (“ივერია”, #4), პირველი ლექსი “მეომარი” – 1881 (“იმედი”, #3 –4), პირველი მოთხრობა “სურათი ფშავლის ცხოვრებიდან” – 1881 (“დროება”, #184). ვ.-ფ-ს შემოქმედება XIX ს. ქართ. კრიტ. რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების “იდუმალი ენის” წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართ. რომანტიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელთან – ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხ-ატულება, ვ.-ფ-ს პოეზიის ყველაზე ორგ. ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალ. აღქმა, ქვეყნიერების “უთვალავ ფერთა” მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდენციები, რ-ებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცეს გეზი. ვ.-ფ-ს თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა “მიწისა” და “ცის” – რეალისტურისა და რომანტიკულის – ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო ჩანს ლექსებში: “მთას ვიყავ” (1890), “სიტყვა ეული”, “ნუგეში მგოსნისა” (1894), “სიმღერა” (1896); ლიტ.-კრიტ. და პუბლიც. წერილებში: “ფიქრები” (1891), “Pro domo sua” (1896), «ფიქრები “ვეფხისტყაოსნის” შესახებ» (1911) და სხვ. პოეტის დამოკიდებულე-ბა ხალხ. შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში – “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით” (1889), “კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი” (1914) და სხვ. ქართვ. პოეტთა შორის ვ.-ფ. ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგ-ენია (“მუდარა”, 1889; “დამსეტყვე, ცაო”, 1903; “სიცოცხლემ შხამი მასმია”, 1903 და სხვ.). მაგრამ ვ.-ფ., როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტ. ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც (“გამამერია ჭაღარა”, 1894; “მთათ მითხრეს”, 1897 და სხვ.). უნივერს. ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვ.-ფ. მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ქართვ. ხალხის გაღვიძებულ ეროვნ. თვითშეგნებაზე (“ომის წინ ჯარის სიმღერა”, 1888; “ხმა სამარიდამ”, 1893; “ბაკური”, 1899; “ქართლს”, 1912; “კახეთს”, 1913; “ფშაველი ჯარისკაცის წერილი”, 1914 და სხვ.). ვ.-ფ-ს პატრ. ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლიკას დაკარგული აქვს სპეციფ. რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს (“ამირანი”, 1884; “არწივი”, 1887; “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”, 1906). ვ.-ფ. პიროვნული სრულყოფის, “კაი ყმის” ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართ. პოეზიაში (“კაი ყმა”, 1909; “პასუხი ბაჩანას”, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის (“ფშაველის სიყვარული”, 1886; “სიყვარული”, 1891; “გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ”, 1905) და ნაზი იისა თუ ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარეც (“ნიბლიას ანდერძი”, 1891; “იას უთხარით, ტურფასა”, 1903). ვ.-ფ-ს პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX ს. ქართ. ლიტ-რის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულობა – ეროვნ. ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური [პოემები: “მოხუცის ნათქვამი”, “გიგლია” (1886), “გოგოთურ და აფშინა” (1887), “ალუდა ქეთელაური” (1888), “ბახტრიონი” (1892), “სტუმარ–მასპინძელი” (1893), “ივანე კოტორაშვილის ამბავი” (1896), “სისხლის ძიება” (1897), “გველის მჭამელი” (1901) და სხვ.]. მან ქართ. პოეზი-აში შემოიყვანა ახ. გმირი, რ-ის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიად ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვ.-ფ-ს გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური – “სტუმარ-მასპინძელი”, ალუდა – “ალუდა ქეთელაური”). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობ-ლოსათვის თავშეწირული სახ. გმირები (“ბახტრიონი”). ვ.-ფ-ს პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პი-როვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზ-ბას შორის ავლენს “გველის მჭამელი”. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული მსახურების ძლიერ წადილთან. “ბახტრიონისა” და “გველის მჭამელის” ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა მითის ელემენტი და ამ პრიზ-მით სინამდვილის ახ. უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა. ვ.-ფ-ს პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX ს. ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხ. შემოქმედებაა. ვ.-ფ-ს პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი “ვაჟა-ფშაველას”, 1913 და ვ.-ფ-ს “დაგვიანებული პასუხი აკაკის”, 1913). ვ.-ფ-მ გააფართოვა ქართ. პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძვ. ქართ. ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

Vaja-fshavela.png

ვ.-ფ-ს მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართვ. მძაფრი სოც. კონფლიქტები (“პატარა მწყემსის ფიქრები”, “დარეჯანი”, 1886; “პაპას მსოფლიო ფიქრები”, 1903; “უძმოს-ძმა”, 1906 და სხვ.). უნიკალური შინაარსისაა XIX ს. ქართ. ლირ. პროზის ნიმუშები “შვლის ნუკრის ნაამბობი” (1883), “ხმელი წიფელი” (1888–89), “ქუჩი” (1892), “მთანი მაღალნი” (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართ. საბავშვო ლიტ-რის კლასიკური ნიმუშია. ვ.-ფ-ს დრამ. ნაწარმოებთაგან (“სცენა მთაში”, “სცენები”, 1889; “ტყის კომედია”, 1911; “ნაკვესები”, 1886–1908) აღსანიშნავია დრამა “მოკვეთილი” (1894), რ-იც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართ. სცენაზე. ვ.-ფ. კრებდა და აქვეყნებდა ხალხ. პოეზიის ნიმუშებს. ქართ. ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები: “ფშავლები”, “ფშავლების ცხოვრებიდამ”, “ხევსურები” (1886), “ლაშარობა” (1888), “ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით” (1889), “ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” (1896) და სხვ. “ცივილიზებულ” სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელების საღი წყაროები (პუბლიც. წერილები: “ფიქრები”, 1892, 1901, 1902; “რამე-რუმე მთისა”, 1892; “თიანური ფელეტონები”, 1901, 1902; “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”, 1905; “შავბნელი ამბები”, 1905). ვ.-ფ-ს ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნებად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; “თხზულებანი”, 1899; “ცრემლები”, 1909 და სხვ.). 1925 –56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა კრებული შვიდ ტომად. ვ.-ფ-ს ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები: ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვ.), ინგლ., ფრანგ., გერმ. და სხვ. ენებზე. საქართვ. თეატრებში დაიდგა ვ.-ფ-ს ნაწარმოებები. მისი მოთხრობების მიხედვით გადაღებულია კინოფილმები. დაწესებულია ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია. მშვიდობის მსოფლიო საბ-ჭოს გადაწყვეტილებით 1961 მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვ.-ფ-ს დაბადების 100 წლისთავი. მძიმედ დაავადებული ვ.-ფ. წმ. ნინოს სახ. სამხედრო ლაზარეთში მოათავსეს (ახლანდ. თსუ-ის I კორპუსი), სადაც გარდაიცვალა. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1935 მწერლის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. თხზ.: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, თბ., 1961; თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბ., 1964. ლიტ.: აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962; ასათიანი გ., ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე, თბ., 1974; ბენაშვილი დ., ვაჟა-ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე, თბ., 1961; ევგენიძე ი., ვაჟა-ფშაველა (ცხოვრება და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები), თბ., 1989; ზანდუკელი მ., ვაჟა-ფშაველა, თბ., 1953; კიკნაძე გ., ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, [თბ.], 1957; კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959; ლომაშვილი ჯ., ვაჟალოგიის საკითხები, თბ., 1997; ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბ., 1958; ქურდოვანიძე თ., ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეტური სიტყვა, თბ., 1991; მისივე, ზეპირსიტყვიერი ვაჟა-ფშაველას პროზაში, თბ., 2010; ყუბანეიშვილი ს., ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი (მასალები), თბ., 1961; ჩხენკელი თ., ტრაგიკული ნიღბები, თბ., 1971; ვაჟა-ფშაველას ბიობიბლიოგრაფია. 1879 –1979, შემდგ. თ. ნაკაშიძე და ი. გორგაძე, თბ., 1987. გ. ასათიანი.