ვარაზაშვილები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძმები ვარაზაშვილები.png


ვარაზაშვილები, ძმები – ივანე, ისიდორე, ვასილი და გიორგი, საზოგადო მოღვაწეები, ქველმოქმედნი. ივანე სოფრომის ძე ვარაზაშვილი (1879, სოფ. მუხლი, რაჭის მაზრა, – 1955, თეირანი), ინჟინერ-პოლკოვნიკი, სპეციალისტი რკინიგზის ტრანსპორტის დარგში. დაამთავრა თბილ. სარკინიგზო ტექ. სასწავლებელი და პეტერბურგის სარკინიგზო ინ-ტი. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ბორჯომი–ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე. ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ-პოლკოვნიკის წოდება და ხელმძღვანელობდა ბაქო – ჯულფის და ერზურუმი – სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობას. საქართველოში ჭიათურის მანგანუმის მადნის მრეწველობის განვითარებით დაინტერესებულმა ძმებმა ივანე და ისიდორე ვ-მა ნ. ნიკოლაძესთან ერთად 1918 დააარსეს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოება. ამ საზოგადოებაში ძმები ივანე და ისიდორე ვ. იყვნენ ამხანაგობა “ძმები ივ. და ის. ვარაზაშვილების” მფლობელები და მონაწილეობდნენ ხელშეკრულების დადებაში (1925) კომპანია “ჰარიმან ბრაზერს ენდ Ko-თან”, კონცესიის გადაცემასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების სამი დედნიდან ერთი ჩაბარდა ივ. ვარაზაშვილს (ეს დედანი დაცულია საქართვ. უახლესი ისტორიის ცენტრ. სახელმწ. არქივში). ძმების გაწონასწორებული დიპლომატიისა და უცხოეთთან მათი ფართო კავშირების გამო საბჭ. მთავრობა მათ არ ზღუდავდა. მანგანუმის მადნის საექსპორტო კავშირების მოსაპოვებლად ივანე და ისიდორე ვ. 1922 გაემგზავრნენ გერმანიაში, სადაც მათ შეუერთდა ბერლინში მყოფი მათი სტუდენტი ძმა გიორგი. ძმებმა თავიანთი ინიციატივითა და სახსრებით, გერმ. ქართველოლოგ რ.მეკელაინთან ერთად, ბერლინში დააარსეს “რუსთაველის საზოგადოება”, რ-ის ქართვ. წევრები იყვნენ: ივანე, ისიდორე და გიორგი (“რუსთაველის საზ-ბის” მდივანი) ვ., მ. შანიძე (ა. შანიძის ძმა), გ.დიასამიძე და ლ.ხოჭოლავა. ისინი დიდ დახმარებას უწევდნენ უცხოეთში მცხოვრებ ქართვ. სტუდენტებს. მათვე დააარსეს გამომცემლობა “ახლო აღმოსავლეთი” („Naher Osten“)და ჟურნ. “მორგენლანდი” („das Morgenland“)რ-საც რ.მეკელაინი რედაქტორობდა. უცხოეთში მყოფ ქართვ. სტუდენტთა დასახმარებლად აქ დაიბეჭდა “გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომათიითა და ლექსიკონით”. ეხმარებოდნენ ასევე საქართველოში ქართ. ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. მშობლიურ ენასთან ერთად, ივ. ვარაზაშვილი ფლობდა რუს., ფრანგ., გერმ. და ირან. ენებს. 1928 შაჰის მთავრობის მიწვევით იგი ირანს გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელმძღვანელად დანიშნეს. აქ ივანე გაეცნო ფერეიდნელ ქართველთა ცხოვრებას. საბჭოური რეპრესიების გამო იგი საცხოვრებლად ირანში დარჩა. II მსოფლიო ომის წლებში ივ. ვარაზაშვილმა დიდი თანხა გაიღო საბჭ. ავიაციის განვითარებისათვის. დიდ ყურადღებას იჩენდა, პირველ რიგში, უცხოეთში მყოფი ქართვ. სტუდენტების მიმართ. მზრუნველობას არ აკლებდა უმცროს ძმებს. დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი (14. XI. 1882, სოფ. მუხლი, რაჭის მაზრა, – 18. IV. 1945, ურალსკი, ციმბირი), სარკინიგზო საქმის სპეციალისტი. 1897 დაამთავრა თბილ. სარკინიგზო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბორჯომი – ბაკურიანის, ბაქო – ჯულფის, ერზურუმი – სარიყამიშის რკინიგზის გაყვანაზე. 1901 გ. ნუცუბიძესთან ერთად ჭიათურაში დააარსა სცენის მოყვარულთა წრე. 1909 იყო ჭიათურის რკინიგზის სადგურის უფროსი. ამავე წელს დანიშნეს ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოში საბაგირო გზების გამგედ. იყო სინდიკალისტთა მთ. კომიტეტის თავ-რე, “ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების” ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. აღსანიშნავია, რომ ის ვარა-ზისშვილის თაოსნობით და ამ საზ-ბის სახსრებით მთაწმინდის საზ. მოღვაწეთა პანთეონში დაიდგა ა. წერეთლის ძეგლი. 1922 ის. ვარაზაშვილი ძმასთან, ივანესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც, კომერციული საქმიანობის გარდა, თანამშრომლობდა “რუსთაველის საზოგადოებასთან”. 1926 იგი საქართველოში დაბრუნდა და ნ. ნიკოლაძესთან ერთად დააარსა თბილ. საპაიო-საგამომცემლო საზ-ბა “ქართული წიგნი”, სადაც გამოიცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, დაიბეჭდა ნ. ბარათაშვილის, გ. ორბელიანის ლექსთა კრებულები, კ. გამსახურდიას მიერ თარგმნილი უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები. ახ. ეკონ. პოლიტიკის (ნეპი) დასრულების შემდეგ (XX ს. 30-იანი წლების დასაწყისი), საბჭ. მთავრობამ გადაწყვიტა ჰარიმანის კომპანიისათვის ჭიათურის მანგანუმის საბადოს ჩამორთმევა. ის. ვარაზაშვილი დაინიშნა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზ-ბის სალიკვიდაციო საბჭოს კონსულტანტად. 1930 ის. ვარაზაშვილი საქართველოში სამონტაჟო-სამშ. ტრესტს ხელმძღვანელობდა. მიუხედავად დიდი დამსახურებისა, იგი პოლიტიკურმა რეპრესიებმა შეიწირა. ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) [1(13). I. 1888, თბილისი, – 9. IX. 1969, იქვე], ბიოქიმიკოსი და პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1925), პროფესო-რი (1930). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). 1918 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო ხარკოვის უნ-ტის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე, ლაიფციგიდან მოწვეულ პროფ. რ. გრიმბერგთან. რ. გრიმბერგმა მას შესთავაზა გერმანიაში წასვლა, რაზეც ვ. ვარაზაშვილმა უარი განაცხადა და საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1931 დაინიშნა სახელმწ. სამედ. ინ-ტის ბიოქიმიის კათედრის გამგედ. ვ. ვარაზაშვილი იკვლევდა მალარიისა და აზიური ქოლერის დაავადებებს, ელექტროლიტებისა და წყლის ბალანსის დარღვევებს, ნახშირწყლებისა და აზოტური ცვლის ბიოქიმიის საკითხები, დაადგინა მეტაბოლიტების როლი ნივთიერების ცვლაში, დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმ. და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და სხვ. მსოფლიოს მეცნ. ყურადღება მიიპყრო ვ. ვარაზაშვილის ნაშრომებმა “ღვიძლში ცილების მარაგის შესახებ” (Warasi W., Über das Reserveeiweiß in der Leber, `Zeitschrift für die gesamte experimentelle Medizin einschließlich experimenteller Chirurgie“, 1929, Bd. 66, Lfg. 1) და “ცენტრალური ნერვული სისტემა მალარიის დროს”. 1938 ნობელის კომიტეტმა იგი პრემიის შესაძლო კანდიდატად მიიჩნია და კაროლინის სამეფო ინ-ტის დავალებით (შვედეთი) ფიზიოლ. და მედ. დარგში 1939 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მესამე ტურის კონკურსზე მიიწვია. ეს ფაქტი მხოლოდ ვ. ვარაზაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა – მან მოწვევა გადამალა იმ პერიოდში მიმდინარე რეპრესიების შიშით. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. გიორგი სოფრომის ძე ვარაზაშვილი (7. IV. 1893, თბილისი, – 5. IX. 1966, იქვე), სამთო ინჟინერი, საქართვ. დამს. ინჟინერი (1964). თბილ. კლასიკური ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1914) სწავლა განაგრძო გერმანიაში, დაამთავრა ბერლინის სამთო აკადემია. იყო გერმანიაში დაარსებული “რუსთაველის საზოგადოების” მდივანი. ეხმარებოდა ძმებს ჭიათურის მრეწველთათვის საექსპორტო კავშირების დამყარებაში. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. 1925 გ. ვარაზაშვილი დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა “ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერულ საზოგადოებასთან”. მუშაობდა ნატახტრის წყალსადენის მშენებლობაზე, დიდი წვლილი შეიტანა თბილ. წყალმომარაგების საქმეში, ასევე სოხუმის წყალმომარაგების სისტემის აღდგენაში. 1928-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ში, გეოდ. და მარკშაიდერიის კათედრაზე. 1947 სსრ კავშირის ქვანახშირის მრეწვ. მინისტრის ბრძანებით, მიენიჭა სამთო დირექტორის პერსონალური წოდება (შემოღებულია 1947). მისი ნაშრომი “მთის რეგიონებში წყალსაცავებისა და წყალსამეურნეო სისტემების შექმნისა და ექსპლუატაციის საინჟინრო-ეკოლოგიური პრობლემები” გამოქვეყნდა 2002 სპი-ს გამომცემ-ლობაში. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ლიტ.: ჭანიშვილი ვ., მანგანუმის მადნის ქართველი მრეწველები, «მეცნიერება და ტექნიკა», 1988, #3; საქართველოს რესპუბლიკური სახელმწიფო არქივი, «საისტორიო მოამბე», 1990, #59–60; კრებული – “გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები”, შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და სხვ.; სამეცნ. რედ. ა. ფრანგიშვილი, თბ., 2012. თ. არსენაძე. ს. ბაქრაძე.