ვარაზი (ვარაზაშვილი) ავთანდილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა. ვარაზი.png ვარაზი (ვარაზაშვილი) ავთანდილ ვასილის ძე (25. X. 1926, თბილისი, – 4. III. 1977, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი, არქიტექტორი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის არქიტექტურის ფაკ-ტი (1948) და ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1951). ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. შექმნა თბილისელ მოქალაქეთა პორტრეტები: “ვახტანგ რურუა” (1962), “ქალი ჭრელ კაბაში” (1964), “მანანა თავსაფრით” (1964), “ლიკა” (1971), “ნესტან ლეონიძე” (1972) და სხვ. მიმართავდა კოლაჟის ტექნიკას: კომპოზიცია “ვიოლინო” (1970), “ხარის თავი” (1970) და სხვ. მრავალი ნახატი შესრულებული აქვს კალმით, გაზავებული ტუშით, ფანქრით: “ქალი თმას ივარცხნის” (1967), “პოეტი” (1972), “ქალიშვილის ტორსი” (1975) და სხვ. ვ-ის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია მონოქრომიზმი, კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა (“მსხლები”, 1973; “ნატურმორტი ლიმონით”, 1973). 1959-იდან, როგორც მხატვარი და არქიტექტორი მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. განყ-ბისა და ფეოდ. ხანის განყ-ბის ექსპოზიციებზე. 1966 ორიგ-ინალურად გააფორმა არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების გამოფენა. ეს იყო ახ. სიტყვა ქართ. საექსპოზიციო ხელოვნებაში. 1966 გააფორმა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართვ. სურათების ეროვნ. გალერეაში და გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმის ექსპოზიცია. მხატვრულად გააფორმა კინორეჟისორ გ. შენგელაიას ფილმი “ფიროსმანი”, სადაც ფიროსმანის როლი თავად შეასრულა (1970) – შექმნა მხატვრის ღრმა ფსიქოლოგიზმით აღბეჭდილი დასამახსოვრებელი სახე. ვ-ის ნამუშევრები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, კერძო კოლექციებში თბილისში და საზღვარგარეთ. მ. კარბელაშვილი.

ა. ვარაზი. ვიოლინო.png   ნიკო ფიროსმანი.png