ვარგავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარგავი, სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოს ჩრდ.-დას. ნაწილში. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., თოკი). ზ. დ. 1720 , ასპინძიდან 32 კმ. 105 მცხ. (2002). სოფლის მიდამოებშია ტუფის საბადო. “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” ვ. ოსმალთაგან დაპყრობილი ჯავახეთის გაუკაცრიელებულ სოფლად არის მოხსენიებული. მაშინ იგი შედიოდა ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში და გადასახადად ჰქონდა შეწერილი 3000 ახჩა. სოფელში არის გვიანდ. ხანის ეკლესიის ნანგრევი, ე. წ. “იესოს გული”, რ-საც არავითარი მორთულობა არ აქვს, სასაფლაო სამია: ქართველების, “ფრანგების” (კათოლიკური) და სომხების. ვ-ში მცხოვრებთა გვარებია: შეშაბერიძე (კავთისხევიდან მოსული), ლაზარაშვილი (ხერთვისიდან), თარხნიშვილი, თამაზაშვილი და დათიაშვილი (ხიზაბავრიდან), დავლაშერიძე (როკითიდან). ადგილობრივთა გადმოცემით, ისინი აქ დასახლებულან XIX ს. I ნახევარში. მაშინ იგი უკვე ნასოფლარი ყოფილა. სოფელს ჩრდ.-აღმ-ით ორი სერი ესაზღვრება; “პატარა სერი” ძვ. ნასახლარია, რ-საც შერჩენილი აქვს კოშკის ნანგრევი თავის გალავნიანად. მეორე “დიდი სერიც” გალავანშემოვლებული ნასახლარია სადგომ-თა ნაშთებით. აკრეფილი კერამ. ფრაგმენტები ორივეგან ადასტურებს როგორც წინარე, ისე ადრინდ. ფეოდ. ხანის საცხოვრისებს. ვ-ში შემორჩენილია ძვ. ქართ. დარბაზიც [სიმონ შეშაბერ-იძესთან, რ-იც შეიცავს სხვადასხვა დანიშნულების სათავსებს: ბაგა (იქვეა ფურნეც), ბოსელი, დარბაზი (იქვეა ხორბლის საწყობი), ოდა (საძინებლითა და ბუხრით)]. დ. ბერძენიშვილი.