ვარდანისძენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდანისძენი, დიდ ფეოდალთა საგვარეულო XI–XV სს. საქართველოში. სავარაუდოა, რომ წარმოდგება მარუშიანთა (მარუშისძეთა) საგვარეულოდან. შემდეგ “მარუშიანი” ვარდან-ისძეთა გვარში პირის სახელად დამკვიდრდა. ისტ. წყაროების მიხედვით, ვ-თა გვარის პირველი წარმომადგენელი და მისი დამფუძნებელი ჩანს სვანთა ერისთავი ვარდან, რ-იც საქართვ. მეფე გიორგი II-ის დროს მოღვაწეობდა. სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად ისიც განუდგა მეფეს. გიორგი II-ს ჯილდოებითა და წყალობით შემოურიგებია გამდგარი დიდგვარიანები, მათ შორის ვარდანი და მისთვის ასკალანა უბოძებია. ვ-თა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ ერისთავთერისთავები, სვანთა ერისთავები. სხვადასხვა პერიოდში მეფის კარზე მათ ჰქონდათ სხვადასხვა სავაზირო ხელი: ერთიანი საქართვ. მეფის მეჭურჭლეთუხუცესობა, ლიხთ-იმერეთის მეფის მსახურთუხუცესობა, მეჭურჭლეთუხუცესობა და მანდატურთუხუცესობა, სავა-რაუდოა, რომ ვ-თა საგვარეულოს განშტოება იყო დადიანთა გვარი. XII ს. 80-იან წლებში სვანთა ერისთავად იხსენიება ბარამ ვარდანისძე, მეჭურჭლეთუხუცესად – კახაბერ ვარდანისძე (ყუთლუ–არსლანის გადაყენების შემდეგ, აბულასანისათვის მეჭურჭლეთუხუცესობის ბოძებამდე); ვარდანისძე უნდა იყოს, აგრეთვე იმ დროს ჩუხჩარხად მოხსენიებული მარუშიანიც. თამარის ისტორიკოსი კახაბერ ვარდანისძეს, სხვა მოხელეებისაგან გამორჩევით, საგანგებოდ უწოდებს “დიდსა და გვარიან კაცს”. ვ-თა წარჩინებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ისინი ლიხთიმერეთის ორ სხვა საგვარეულოსთან (საღირისძეებთან და ამანელისძეებთან) ერთად მონაწილეობდნენ თამარის კურთხევაში. მათ ჩააბარეს თამარს მთავარსარდლის ინსიგნია – ხმალი. დას. საქართვ. დიდგვარიანთა და, კერძოდ, ვ-თა დაწინაურებას სამეფო კარზე ხელი შეუწყო დემნა უფლისწულის აჯანყებამ (1177), რ-შიც უმთავრესად აღმ. საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, ხოლო გიორგი რუსის აჯანყებამ (1191), რ-შიც ძირითადად დას. საქართველოს დიდგვარიანები (და მათ შორის ვარდანისძეებიც) მონაწილეობდნენ, გამოიწვია ამ საგვარეულოს სამეფო კარისა-გან ჩამოცილება. XII ს. 80-იანი წლებიდან XIII ს. II ნახევრამდე ვ-თ აღარ ჰქონდათ სახელმწ. უწყების გამგებლობა (უხუცესობა). ლიხთ-იმერეთში დავით ნარინის მიერ ცალკე სამეფო დინასტიის დაფუძნებამ კვლავ დააწინაურა დას. საქართველოს დიდგვარიანები, მათ შორის ვ-ც. ისინი კვლავ იღებენ სამეფოს ვაზირის – უხუცესის – სხვადასხვა სახელოს. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962. ლიტ.: მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII ს. საქართველოში, თბ., 1979; შოშიაშვილი ნ., XII–XIV სს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიერთი საკითხი, «ცისკარი», 1965, #9. ნ. შოშიაშვილი.