ვარდევანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდევანი, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გვერდისუბნის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), თორის ქვაბულში, მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1500 , ბორჯომიდან 33 კმ, წაღვერიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 19 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. სოფლის სახელწოდება ახალია და ისტ. წყაროებში – უცნობი. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიისა და რუკის მიხედვით, ამ სოფლის ძვ. სახელწოდება შესაძლოა ლელი-სუბანი იყო. სოფლის სამხრ-ით, შემაღლებულ ადგილზე, შემორჩენილია X ს. შუა წლების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. შიგნით და გარედან ნაგებია სწორად ნაწყობი მოვარდისფრო ტუფის გათლილი მოზრდილი კვადრებით. შესასვლელი სამხრ-იდან ჰქონდა. იქვე გდია ვეება, კარგად დამუშავებული ვარდისფერი ქვის არქიტრავი, რ-ზედაც გამოსახულია ორი ლილვით შექმნილ წრეში ჩასმული ტოლმკლავებიანი, ბოლოებგაშლილი ჯვარი. კედლებთან პროფილიანი კარნიზის ქვები ყრია, იქვეა კედლიდან ჩამოვარდნილი ქვა ასომთავრული წარწერის ფრაგმენტით: “მშლი” (მშობელი?, მაშენებელი?). კარნიზი სოფ. გვერდისუბნის ეკლესიის კარნიზის მსგავსია – აქაც მის პროფილს მაღალი შეზნექილი არე და ვიწრო თარო შეადგენს. ეკლესიას ირგვლივ სასაფლაო აკრავს. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., გიორგაძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987. დ. ბერძენიშვილი.