ვარდისუბანი, ნასოფლარი ისტორიულ ჯავახეთში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდისუბანი, ნასოფლარი ისტორიულ ჯავახეთში (ახლანდ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ხანჩალის ტბის დას-ით სოფ. დლივსა (ახლანდ. დილიფი) და ნასოფლარი კურიდადეშს შორის. ვ-ში, შემაღლებულ ადგილას, გალავანშემოვლებული ეკლესიის ბუდეა, მის ირგვლივ – გვიანი შუა საუკუნეების საფლავის ქვებია. “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 ვ. დიდი სოფელი იყო, 39 კომლი მოსახლით, რ-თაგან სახელების მიხედვით ყველა ქართველია (აბრამ ზეინკლის შვილი, იასონ შერვანის ძე, რამაზა ძე მისი, მახარებელ იონას ძე, გოგიჩა ძმა მისი, გოგიჩა აბესალომის ძე, ივანე ძმა მისი, პეტრე ძე მისი, სახელად ელიაზარ, ვარძელ ძმა მისი, სულა იორდანეს ძე, მოსე ძმა მისი და სხვ.), ორის გარდა. მათ მოყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰქონიათ ბოსტნები; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი; სოფელს ჰქონდა ერთი თვალი წისქვილი სრული წლით, მეორე კი – გაპარტახებული. მოსახლეთა სიას ახლავს მინაწერი: “საყანე მიწა ჩაირითურთ მელქიზედექ აზნაურისა, აწ ჰაჯიყულის ძის მუჰამედის მფლობელობაში (მყოფი), სასამართლოს განაჩენის თანახმად ყუშურსა და გამო-საღებს იძლევა”, ამ სოფლის გადასახადი წლიურად 19000 ახჩა იყო. 1704–05 ვ. ეკუთვნოდა ქანარბელის ნაჰიეს ჩილდირის ლივაში, იგი ექვემდებარებოდა ვინმე უსუფს და მისი წლიური გადასახადი უკვე 11000-მდე ახჩას უდრიდა, რაც სოფლის მოსახლეობის შემცირებაზე მეტყველებს. უცნობია ვ-ის მიტოვების თარიღი, XIX ს. 30-იან წლებში ის გავერანებულ ნასოფლარებშია ჩამოთვლილი. წყარო: ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58. დ. ბერძენიშვილი.