ვარდისუბანი, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდისუბანი ეკლესია დეკანოზური.png


ვარდისუბანი, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. თურდოს (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ახმეტა–თელავისა და თელავი– გომბორის საავტ. გზებზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 640 , თელავიდან 3 კმ. 3,3 ათ. მცხ. (2002). სოფელი მოხსენიებულია 1800 შედგენილ განჩინებაში, სადაც ჩანს, რომ იგი საქართვ. პატრიარქის, ე. ი. მცხეთის საკათოლიკოსოს კუთვნილება ყოფილა. სოფლის მახლობლად, გომბორი – თელავის გზიდან 3 კმ-ზე, ტყეში დგას VI –VII სს. მიჯნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, თეთრი გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ადგილ. მცხოვრებნი მას “დეკანოზურს” უწოდებენ. სოფლის სამხრეთით, ადგილ “სოფლის თავში” შემორჩენილია საცხოვრ. კომპლექსის კოშკისა და მასზე მიდგმული საცხოვრ. დარბაზის ნაშთი, ასევე ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. მო-სახლეობა მას “ბაქრაძიანთა კოშკებს” უწოდებს. სოფელში, ყარაულაშვილების უბანში, კიდევ 2 ეკლესიაა – ღვთისმშობლისა (XIX ს.) და მთავარანგელოზისა (გვიანდ. შუა საუკუნეები), ამავე უბანშია გვიანდელი ხანის “ხახმატის ჯვრის” ეკლესია. ვ-ის მიდამოებშია აგრეთვე ძვ. შუამთისა და ახ. შუამთის მონასტრები, წმ. კვირიკესა და ღვთისმშობლის (გვიანდ. შუა საუკუნეები) ერთნავიანი ეკლესიები. წყარო და ლიტ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 6, თბ., 1977; ჯანიაშვილი დ., ვარდისუბნის თეთრი გიორგის სახ. ეკლესია “დეკანოზური”, «ძეგლის მეგობარი», 1982, #60. თ. ტატიშვილი.