ვარდიძე შალვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შ. ვარდიძე.png


ვარდიძე შალვა (XIX ს. ბოლო, სოფ. არალი, ახალციხის მაზრა, – XX ს. 50-იანი წლები, ბეირუთი), სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი. თავდაპირველად მოღვაწეობდა პ. ხარისჭარაშვილის მიერ სტამბოლში დაარსებულ (XIX ს. 60-იანი წლები) ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. თანამშრომლობდა ევროპაში არსებულ “საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ კომიტეტთან”, ხოლო 20-იანი წლებიდან – პარიზში დაარსებულ “თეთრი გიორგის” ორგანიზაციასთან. 1921-იდან დიდ დახმარებას უწევდა ქართ. ემიგრაციას სტამბოლში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს თურქებმა შეიპყრეს და გაასახლეს. შემდეგ მოღვაწეობდა ბეირუთში, სან-ჟოზეფის უნ-ტში, სადაც არაბულ ენაზე გამოსცა 2 ბროშურა საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და სტამბოლში გამოსცა ევგენი დალეჯიო დ'ალესიოს წიგნი “ქართველები კონსტანტინეპოლში” და რ. ჟანენის წიგნი “ქართველები იერუსალიმში” (ორივე – 1921). მისი შრომები სისტემატურად იბეჭდებოდა უცხ. ჟურნალ-გაზეთებში. გარდა მეცნ. ნაშრომებისა, ვ-ს ეკუთვნის პატრიოტული ხასიათის ლექსები: “ჩემი ლოცვა” (1950), “წმინდა ნინოს” (1951). თხზ.: სტამბოლის მონასტერი და რაფიელ ინგილო, გაზ. «დამოუკიდებელი საქართველო», პარიზი, 1931, #63 –64; ლიბანში აღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ, «ბედი ქართლისა», პარიზი, 1954, #17; ხმა ლიბანის ობოლ კედართა მაღნარიდან, იქვე, 1955, #19; Un court aperçu historique sur le monastère géorgien de la Sainte Croix à Jérusalem, P., 1932. ლიტ.: შარაძე გ., ბოლოსიტყვა წიგნისა: ევგენი დალეჯიო დ’ ალესიო, ქართველები კონსტანტინოპოლში, თბ., 1990. გ. შარაძე.