ვარდობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდობა, რელიგიური, ხალხური დღესასწაული, მისი დასახელებიდან მომდინარეობს მაისის თვის ძვ. სახელწოდება “ვარდობისაQ”. ვ. 21 აპრილს იწყებოდა და 20 მაისს მთავრდებოდა. “ვარდობისაQ” წარმართობის ხანიდან მომდინარე ბუნების აღორძინების, ვეგეტაციის, დიდი დედისადმი მიძღვნილი დღესასწაული იყო. იგი ასევე უკავშირდებოდა მოკვდავ და აღდგე-ნად ღვთაება ადონისს და აფროდიტეს. ითვლებოდა, რომ წითელი ვარდები ადონისის სისხლიდან წარმოიქმნა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, ვ. ღვთისმშობლის დღესასწაულსაც დაუკავშირდა. ხევსა და გუდამაყარში მარიამობას “ვარდის დღეობაც” ერქვა, ხოლო საქართვ. მთიანეთში თიბვის დაწყების ზეიმს ვარდობასაც უწოდებდნენ. ქართ. ხალხ. კალენდრის მიხედვით, ზემო იმერეთის სოფ. გეთსამანიაში ვ-ის დღესასწაული პეტრე-პავლობის მარხვის პირველ ორშაბათს აღინიშნებოდა. ვინაიდან პეტრე-პავლობის მარხვა მოძრავია, დღესასწაული შესაძლოა ყოფილიყო როგორც მაისში, ასევე ივნისში. ექვთიმე ათონელის ცნობით, პეტრე-პავლობის მარხვას “ქართველნი ვარდობად უწოდენ”. სულთმოფენობის წინა დღეს, სულთაობის შაბათს, საქართველოში “ვარდის შაბათს” ეძახდნენ. იგი მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე იყო. ზოგან ამ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, შეძლებისდაგვარად ყველა სახეობის ყვავილს აგროვებდნენ (აკაციის ყვავილის გარდა), რათა მიცვალებულის საფლავზე დაეფინათ. ხალხის გადმოცემით, “მიცვალებულებს მათი სუნი სიამოვნებთ”. ზოგან შეგროვილ ყვავილებს გარეთ ან თონეში აწყობდნენ და დილით ადრე საფლავზე გასულებს თან მიჰქონდათ ყვავილები, სანთლები, კოკით წყალი. ყველაფერს საფლავზე ალაგებდნენ და წყალს ასხამდნენ. ამ დღეს ოჯახში წანდილს ან კორკოტს აკეთებდნენ და მეზობლებს ურიგებდნენ. ყვავილებით ირთვებოდა ოჯახი, ეზო და გზაჯვარედინები. ბუნების აღორძინებისადმი მიძღვნილი ვ-ის დღესასწაული უხვად იყო გაჯერებული სატრფიალო მოტივებით. სავარაუდოდ, ვ-ის დღესასწაულს უნდა უკავშირდებოდეს ცნობილი ქართ. ხალხ. სატრფიალო ლექსი: “აქედან და შენამდე, ვარდი მასხია ყელამდე, რომ ვინმე გამომიშვებდეს, სულ ფრენით მოვალ შენამდე”. ლიტ.: ვირსალაძე ე., ქართული ხალხური სატრფიალო ლირიკის ძირითადი სახეობანი, «ლიტერატურული ძიებანი», [ტ.] 8, თბ., 1953; ინგოროყვა პ., ძველ-ქართული წარმართული კალენდარი მე-5–8 საუკუნის ძეგლებში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1929–30, ტ. 6; კეკელიძე კ., ქართული ერა და ეორტალოგიური წელიწადი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6; სვანიძე გ., ქართული ხალხური სიმღერები და მათთან დაკავშირებული თქმულებანი, თბ., 1957; შველიძე მ., ზაფხულის ხალხურ დღეობათა კალენდარი ქვემო ქართლში, კრ.: ქვემო ქართლი, თბ., 1990. ნ. ღამბაშიძე.