ვართაგავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი. ვართაგავა.png


ვართაგავა იპოლიტე პეტრეს ძე (30. I. 1872, სოფ. ხეთა, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 6. I. 1967, თბილისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. სემინარია (1895), ყაზანის სას. აკადემია (1899). პედაგოგად მუშაობდა სიმფეროპოლის სას. სემინარიაში (1899–1907), თბილ. სხვადასხვა სკოლაში (1907–37), გორისა და ცხინვა-ლის პედ. ინ-ტებში (1937–58). 1894-იდან მისი წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართ. პრესაში. ვ-ს მონოგრაფიები, ლიტ.-კრიტ. წერილები და ნარკვევები ეხება იაკობ ცურტაველის, ჩახრუხაძის, შოთა რუსთაველის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის, ვაჟა-ფშაველას, შ. მღვიმელის, ი. ევდოშვილის, ვ. ბარნოვის, მ. ჯავახიშვილის, შ. დადიანის, ლ. ქიაჩელისა და სხვ. ქართვ. მწერლების შემოქმედებას. მასვე ეკუთვნის “მოკლე მიმოხილვა ქართული მწერლობისა უძველესი დროიდან” (1909–10), მონოგრაფია “შიო მღვიმელი” და “ბავშვთა სამყარო” (1917), სახელმძღვანელო “სიტყვიერების თეორია” (1922). XIX ს. ლიტ. მოვლენათა ცოცხალი სურათებია წარმოდგენილი მისი მემუარული ჟანრის ვრცელ “მოგონებებ-ში” (ნაწ. 1–2, 1956–62) და სხვ. თხზ.: ვაჟა-ფშაველა, ტფ., 1921; ქართველი მწერლების სილუეტები, [ტ.] 1, თბ., 1956; XIX საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოჩენილი რედაქტორები, თბ., 1957; კრიტიკული წერილები, [ტ.] 1, თბ., 1958; შალვა დადიანის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1962; თანამედროვე ქართველი მწერლები, თბ., 1972. ი. მეგრელიძე.