ვარლაამ მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარლაამ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) (26. III. 1873–1943), სასულიერო მოღვაწე. 1895 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია, 1897 ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განამწესეს სოფ. კავთისხევის ეკლესიის წინამძღვრად. 1899–1914 ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმთავარი იყო. 1914 საქართველოს ეგზარქოსის მიერ ვ. მ. გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად. 1915 იყო ყარსის ოთხი სამხედრო ჰოსპიტლის, ხოლო 1916 – ერევნის ჰოსპიტლის მღვდელი: 1918 დაინიშნა თბილ. #1 საქალებო გიმნაზიისა და ვაჟთა #7 გიმნაზიის პედაგოგად. 1919 წ. 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1926 წ. 7 მარტს საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მარგვეთის ეპისკოპოსად. 1929 გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1930 წ. 25 ოქტომბერს ვ. მ-ს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. 1934–37, სამღვდელოების დევნისას, იყო უეპარქიოდ. 1937 წ. 7 ივნისს, საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტად. იმავე წელს გადაასახლეს, გარდაიცვალა იქვე. ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994. თ. მარგველაშვილი.